მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში არ მოიძებნება ხანა, რომელიც ბავშვის პიროვნების ფორმირებაში აქტიური ჩარევის, აღსაზრდელზე ზემოქმედების ისეთ ფართო შესაძლებლობას აძლევდეს აღმზრდელს, პედაგოგს, როგორსაც დაწყებითი სასკოლო პერიოდი. ამავე დროს, არც ერთ პერიოდში არ დგას აღმზრდელი სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობისას შეუმჩნეველი, გაუცნობიერებელი შეცდომების დაშვების ისეთი დიდი საშიშროების წინაშე, როგორისაც დაწყებით კლასებში. ამ პერიოდში აღმზრდელთა შეცდომები, რომელთა შედეგებიც, ჩვეულებრივ, მოგვიანებით იჩენს თავს, სავალალო დაღს ასვამს მოსწავლის პიროვნებას. უფროს სასკოლო ასაკში პედაგოგების მიერ შემჩნეულ იმ ნაკლოვანებათა გამოსწორების ყოველგვარი მცდელობა, რომლებიც წინა წლებში მოზარდთან არასწორი აღმზრდელობითი მუშაობის შედეგია, ხშირად უშედეგოდ მთავრდება.
ყოველივე ეს განპირობებულია პირველი სასკოლო ასაკისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური თავისებურებებით, ამ ასაკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურება კი ის არის, რომ ამ პერიოდში ბავშვი უფროსების, განსაკუთრებით - მასწავლებლის, ყოველგვარ შეფასებას, შენიშვნას, გაკიცხვასა თუ საყვედურს უკრიტიკოდ, მორჩილად იღებს, განურჩევლად იმისა, სამართლიანი და ობიექტურია ის თუ უსამართლო და მიკერძოებული. მასწავლებლის ყოველგვარი ზემოქმედების უკრიტიკოდ მიღება მოსწავლის მიერ განპირობებულია იმით, რომ სასკოლო ცხოვრების დასაწყისში პედაგოგი ბავშვისთვის ხელშეუხებელ და უცილობელ ავტორიტეტს წარმოადგენს. პატარებს ეჭვი არ ეპარებათ მასწავლებლის ქცევის მართებულობაში და მისი განხილვის საჭიროებას ვერ გრძნობენ. უმცროს კლასელებს სიტყვისა და მოქმედების არავითარი მოტივირება, არავითარი არგუმენტაცია არ სჭირდებათ და არც ელიან მასწავლებლისგან. ეს, ერთი მხრივ, მოსწავლეებზე აღმზრდელობითი ზემოქმედების დიდ შესაძლებლობას აძლევს მასწავლებელს, მეორე მხრივ კი ხელს უშლის, დაინახოს საკუთარი შეცდომები მოსწავლის ცოდნისა და პიროვნების შეფასების, ამა თუ იმ სააღმზრდელო ღონისძიების გამოყენებისას. გარდამავალ და უფროს სასკოლო ასაკში მოსწავლის ჯიუტობა, უხეშობა, უკმაყოფილება მასწავლებლის მიმართ ამ უკანასკნელის მიერ ამა თუ იმ სააღმზრდელო ღონისძიების გამოყენების, მოზარდის ცოდნისა და პიროვნების შეფასების დროს ერთგვარად სასიგნალო ფუნქციას ასრულებს პედაგოგებისთვის და ყველა თუ არა, ზოგიერთი მათგანი მაინც საჭიროდ მიიჩნევს, ანალიზისა და კრიტიკის საგნად აქციოს თავის მიერ გამოყენებულ ღონისძიებათა ვარგისობა და სამართლიანობა, და თუ ასეთი პედაგოგი მასთან კონფლიქტში მყოფ მოსწავლესთან ურთიერთობისას ვეღარაფერს შეცვლის, შეეცდება მაინც, სხვასთან აღარ მოუვიდეს იგივე შეცდომა და ურთიერთობა სხვაგვარად წარმართოს.
ვინაიდან დაწყებით კლასებში მასწავლებელი არც ერთი აღმზრდელობითი ღონისძიების გამოყენებისას არ აწყდება ბავშვის წინააღმდეგობას, მას არავითარი კრიტერიუმი არ გააჩნია საკუთარი მოქმედების სამართლიანობისა და ვარგისობის შესაფასებლად და ამიტომ ნაკლებად მიმართავს თვითკრიტიკას, საკუთარი აღმზრდელობითი ზემოქმედების კრიტიკულ ანალიზს. ყოველივე ამან კი, ადვილი შესაძლებელია, ხელი შეუწყოს მასწავლებლის მიერ არასწორი აღმზრდელობითი ღონისძიებების სისტემატურ გამოყენებას, ეს კი, თავის მხრივ, მოსწავლის პიროვნების განვითარების მცდარი გეზით წარმართვის მიზეზად იქცეს. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდია საფრთხე სასაკოლო ცხოვრების დასაწყისში, ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის დროს, რადგან სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბებული დამოკიდებულებები და ღირებულებები განსაზღვრავს ბავშვის მთელი სასკოლო ცხოვრების ხასიათს, იმას, რამდენად მიმზიდველი და საინტერესო იქნება მისთვის სკოლა და სწავლის პროცესი.
სამწუხაროდ, პედაგოგებისა და მშობლების უმრავლესობას არასწორად ესმის ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის ცნება. მათი აზრით, სკოლასთან ადაპტაცია ნიშნავს მასწავლებლისადმი ბავშვის უსიტყვო მორჩილებას, მისი მოთხოვნების უსიტყვო და განუხრელ შესრულებას. უნდა ითქვას, რომ ბავშვების უმრავლესობას ძალიან ადვილად, სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოუმუშავდება აღნიშნული უნარი, მაგრამ რაკი მასწავლებლისადმი უსიტყვო მორჩილება უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური თავისებურებებით შეიძლება იყოს გამოწვეული, მხოლოდ ეს უნარი ვერ გამოდგება იმის შესაფასებლად, როგორ მიმდინარეობს და როდის მთავრდება ამა თუ იმ ბავშვში სკოლასთნ ადაპტაციის პროცესი. ზოგიერთი პედაგოგის აზრით, ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის პროცესი სულ რამდენიმე კვირას უნდა გაგრძელდეს და თუ ის ამ ხნის განმავლობაში ვერ მიეჩვია სკოლის მიერ წაყენებული მოთხოვნების შესრულებას, მასთან საგანგებო მუშაობაც ვეღარაფერს შეცვლის, ადრე თუ გვიან ის მაინც ძნელად აღსაზრდელთა რიგებში მოხვდება. ხშირად უფროსები ამა თუ იმ მოსწავლის შესახებ ასეთ წარმოდგენას მასთან უშუალო ურთიერთობის დროსაც ვერ მალავენ და ადვილი შესაძლებელია, სასკოლო ცხოვრების დასაწყისში მასწავლებლის ასეთი შეფასებითი დამოკიდებულებით დაღდასმული ბავშვი მომავალში მართლაც მოხვდეს სკოლის რეჟიმს შეუგუებელ და ძნელად აღსაზრდელ მოსწავლეთა რიცხვში. თავისთავად ცხადია, მიზეზთა გამო შეუძლებელია, სკოლასთან ადაპტაციის პროცესი ყველა ბავშვში ერთნაირად წარიმართოს და ერთსა და იმავე ხანს გაგრძელდეს, ამიტომ, თუნდაც მოსწავლეს სკოლაში მისვლიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი უჭირდეს სკოლის მოთხოვნების შესრულება, ეს არ გვაძლევს უფლებას, მასთან მუშაობა უშედეგოდ და უიმედოდ მივიჩნიოთ და მასში აუცილებლად ძნელად აღსაზრდელი მოსწავლე დავინახოთ. ამასთან, არც უსიტყვო მორჩილებაა იმის ნიშანი, რომ სკოლასთან ადაპტაციის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს და მოსწავლის ადაპტაციის დონე მაღალია. ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის დონისა და ხასიათის განსაზღვრისთვის აუცილებელია ვიცოდეთ: პირველკლასელის სკოლისადმი დამოკიდებულების ხასიათი; რამდენად ადეკვატურად აღიქვამს ის წაყენებულ მოთხოვნებს; როგორ ითვისებს სასწავლო მასალას; რამდენად ყურადღებიანია გაკვეთილზე; აინტერესებს თუ არა ის, რასაც გაკვეთილზე ეუბნებიან; შეუძლია თუ არა დავალებების გარეგანი კონტროლის გარეშე შესრულება; როგორია მისი სოციალური სტატუსი კლასში; იჩენს თუ არა ინტერესს დამოუკიდებელი სასწავლო საქმიანობისადმი.
სასკოლო ცხოვრების დასაწყისი ძალზე სათუთი და ყველაზე კეთილსასურველი პერიოდია იმისთვის, რომ ბავშვს სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება გამოუმუშავდეს, ამისთვის კი აუცილებელია, პედაგოგმა შთაუნერგოს მას საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, ხელი შეუწყოს საკუთარი მდგომარეობის, საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურ შეფასებაში, მით უმეტეს, რომ ადეკვატური თვითშეფასება სკოლასთან ბავშვის ადაპტაციის და მასთან ურთიერთობისას მოსალოდნელი სირთულეების თავიდან აცილების ხელშემწყობი ფაქტორია. ვინაიდან თვითშეფასება - საკუთარი შესაძლებლობებისა და თვისებების შეფასების უნარი - სასკოლო ცხოვრების დასაწყისში ბავშვს ძირითადად მასწავლებელთან შეფასებითი დამოკიდებულების, მასწავლებლის მიერ მისი პიროვნებისა და შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე უყალიბდება, აღნიშნულ პერიოდში პედაგოგს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს ბავშვის პიროვნების, მისი თვისებებისა და შესაძლებლობების შეფასების დროს. განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ბავშვზე სასკოლო ცხოვრების დასაწყისში მისი პიროვნების უარყოფითი შეფასება მასწავლებლის მხრივ. საყურადღებო ფაქტად უნდა ჩაითვალოს ის, რომ მთელი სასკოლო ცხოვრების განმავლობაში პედაგოგები ყველაზე ხშირად დაწყებით კლასებში იყენებენ უარყოფით შეფასებებს - სწორედ იმ პერიოდში, როცა ბავშვებს ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ ეს. ამას ალბათ ხელს უნდა უწყობდეს უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური თავისებურება - უსიტყვოს დაემორჩილოს მასწავლებელს და მისი ყოველგვარი შეფასება უკრიტიკოდ მიიღოს. სავარაუდოდ, ბავშვის ამ ასაკობრივი თავისებურების გამო ამ პერიოდში ბევრი პედაგოგი უხვად იყენებს გამკიცხავ სიტყვებს - როგორც საჭიროებისას, ასევე მაშინაც, როცა ამის აუცილებლობა არ არსებობს. მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როცა მასწავლებელი კიცხავს დაწყებითი კლასის მოსწავლეს იმის გამო, რომ მან ვერ გაიგო მისი ახსნილი, ვერ დაწერა ისე, რომ მასწავლებელს მოსწონებოდა, ვერ კითხულობს ისე სწრაფად და უშეცდომოდ, როგორც მასწავლებელი მოითხოვს მისგან. ასეთ დროს მასწავლებლის საყვედურები უფრო მეტად აშინებს, აბნევს ბავშვს, აეჭვებს საკუთარ შესაძლებლობებში, საკუთარ ძალებში, ყოველივე ეს კი მის მოქმედებას გაუმჯობესების ნაცვლად აუარესებს. ამიტომ სასურველია, დაწყებით კლასებში რაც შეიძლება ნაკლებად გამოვიყენოთ უარყოფითი შეფასება, იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გავკიცხოთ და ვუსაყვედუროთ ბავშვს. დაწყებით კლასებში, განსაკუთრებით კი სწავლის პირველ წელს, მოსწავლე თავისი შესაძლებლობების მაქსიმალური ამოქმედებით ცდილობს შეასრულოს მასწავლებლის ყოველი დავალება და თუ რაიმე ისე არ გამოსდის, როგორც მისგან მოითხოვენ, კი არ უნდა გავკიცხოთ და ვუსაყვედუროთ, არამედ უნდა დავეხმაროთ. დაწყებით კლასებში მოსწავლის მიმართ უარყოფითი შეფასების, გამკიცხავი სიტყვებისა და საყვედურების გამოყენება იმითაც არის ცუდი, რომ ამ პერიოდში ძირითადად მასწავლებლის შეფასებასა და მოქმედებაზეა დამოკიდებული, როგორ შეაფასებენ მოსწავლეს თანატოლები, როგორი წარმოდგენა შეექმნებათ მასზე, როგორ განხორციელდება მასთან სოციალური ადაპტაციის პროცესი და რა ადგილს დაიკავებს ის თანატოლთა შორის, როგორი იქნება მისი სოციალური სტატუსი ჯგუფში. ცნობილია, რომ თუ ბავშვი დაწყებით კლასებში ხშირად იმსახურებს მასწავლებლისგან უარყოფით შეფასებას, თანატოლებს მისდამი უარყოფითი დამოკიდებულება გამოუმუშავდებათ - არ სურთ მასთან თამაში, გაურბიან მასთან ურთიერთობას. თანაკლასელების ასეთი დამოკიდებულების გამო ბავშვი ხდება ჩაკეტილი, გულჩათხრობილი, გაკვეთილზე პასუხის დროს შიში ეუფლება და მაქსიმალურად ვერ ავლენს თავის ცოდნასა და შესაძლებლობებს. ამ პერიოდში ის არავითარ ხერხს არ მიმართავს, რომ თანატოლებს მისდამი დამოკიდებულება შეაცვლევინოს, მოგვიანებით კი, როცა მას სოციალური აღიარების მოთხოვნილება გაუჩნდება, ის ყოველ ღონეს ხმარობს თანატოლთა მხრივ აღიარებისა და პატივისცემის მოსაპოვებლად და ამისთვის ხშირად არცთუ სასურველ გზას ირჩევს - იწყებს გაკვეთილზე ცელქობას, ხელს უშლის მასწავლებელს, ცდილობს მის წონასწორობიდან გამოყვანას, რის გამოც ხშირად იმსახურებს შენიშვნებს, მაგრამ ეს სრულიადაც არ აღელვებს; პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება ხშირად მიიღოს შენიშვნა და საყვედური, რადგან ეს საშუალებას აძლევს, ხშირად მოხვდეს თანატოლთა ყურადღების ცენტრში. თუ ასეთმა მოსწავლემ მაინც ვერ დაიკავა ჯგუფში სასურველი ადგილი და თანატოლთა მხრივ აღიარებას ვერ მიაღწია, ის სხვა გზების ძებნას იწყებს. ეძებს ადამიანებს, რომლებიც მას აღიარებენ და პატივს სცემენ; მათ უმეტესად ქუჩაში პოულობს და ადვილად ექცევა ქუჩის გავლენის ქვეშ. ასე ყალიბდება სისტემატური უარყოფითი შეფასების საფუძველზე გართულებული სოციალური ადაპტაციის შედეგად ერთ დროს მშვიდი, წყნარი, გულჩათხრობილი, დამჯერი, უწყინარი ბავშვისგან, რომელიც უსიტყვოდ და უკრიტიკოდ იღებდა მასწავლებლის ყოველ შენიშვნასა და საყვედურს, ძნელად აღსაზრდელი და მომავალში საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება. ამიტომ დაწყებით კლასებში, განსაკუთრებით კი ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის პერიოდში, ყოველნაირად უნდა ვერიდოთ ბავშვის პიროვნებისა და შესაძლებლობების უარყოფით შეფასებას, მეტადრე - მისი თანატოლების თანდასწრებით, ვინაიდან მომავალში ეს შესაძლოა დაუძლეველ სირთულეთა აღმოცენების მიზეზად იქცეს.
|