Tuesday, June 3, 2014

მასწავლებლის პროფესიონალიზმი და პროფესიული განვითარების სქემის პერსპექტივები


დავით ბოლქვაძე 
02 ივნისი 2014

უკვე ათეულ წელზე მეტია, საქართველოს სასკოლო ცხოვრება დინამიკური რეფორმირების პროცესშია. როგორც ჩანს, ამჯერად ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა განვითარების ახალ ფაზაში შედის. უკვე შემუშავდა მასწავლებლის ახალი სტანდარტი, განისაზღვრა მასწავლებლის კატეგორიები, პედაგოგებს მალე შესთავაზებენ პროფესიული განვითარების ახალ სქემას, რომელიც, მანამდე არსებულისგან განსხვავებით, სავალდებულო იქნება, შემუშავების პროცესშია მასწავლებლის პროფესიული ეთიკის ახალი კოდექსიც. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისა და სხვადასხვა გზით გავრცელებული დაუზუსტებელი ვერსიების მიხედვით, უკვე შეგვიძლია, მეტ-ნაკლები სისრულით წარმოვიდგინოთ პროფესიული განვითარების მომავალი სქემა.

ოპტიმისტურად განწყობილი განათლების სამინისტრო და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მასწავლებლებს და ფართო საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ცვლილებები სასიკეთოდ წაადგება როგორც პედაგოგებს, ასევე მოსწავლეებსაც, თუმცა მასწავლებლების მოზრდილი ნაწილი სიახლეებს პესიმისტურად უყურებს. ისევე როგორც ამ საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი პირი, მასწავლებელთა უამრავ მოსაზრებას, შეხედულებას, ვარაუდს ვეცნობი ტელევიზიისა თუ სოციალური ქსელების საშუალებით და პირადი საუბრების დროს. ზოგიერთი მათგანი ჩემთვის მისაღებია, ზოგს პრინციპულად არ ვეთანხმები. ვფიქრობ, არის ისეთი კითხვებიც, რომლებსაც პასუხი მომავალში გაეცემა. თუმცა ჩემი მიზანი პოლემიკის წამოწყება არ გახლავთ; მინდა, იმაზე გესაუბროთ, რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული. მასწავლებელთა აბსოლუტური უმრავლესობაც დამეთანხმება - თანამედროვე პირობებში მასწავლებლის საქმიანობა მუდმივ პროფესიულ განვითარებას მოითხოვს. ვფიქრობ, სირთულეს წარმოშობს ის გარემოება, რომ ჯერჯერობით შეუსწავლელია, რა წარმატებებითა თუ ხარვეზებით მიმდინარეობდა ეს პროცესი ბოლო ხანს. ჯერ არც სამომავლო პერსპექტივებია გამოკვეთილი ნათლად.
თავდაპირველად საგანმანათლებლო სისტემის რამდენიმე პრობლემურ საკითხზე ვისაუბრებ, რომელთა გაუმჯობესება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას თეორიულად შეუძლია. ცნობილია, რომ მიუხედავად უამრავი საერთაშორისო თუ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებისა (კონფერენციები, კონკურსები, სემინარები, ტრენინგები და ა. შ.), მასწავლებლობა ზოგადად მაინც „ჩაკეტილ" პროფესიად რჩება.

განათლების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეალურ სასწავლო პროცესში გამოცდილების ურთიერთგაზიარებისა და თანამშრომლობის დონით მასწავლებლები საგრძნობლად ჩამორჩებიან სხვა პროფესიის ადამიანებს. მათი ერთი ნაწილი თავის პედაგოგიურ პრაქტიკაში წლების განმავლობაში თითქმის არაფერს ცვლის, არ აანალიზებს არჩეულ მეთოდებსა და აქტივობებს. მათთვის კომფორტულია დიდი ხნის წინ არჩეული მეთოდების ერთგულება, სიახლეები კი ზედმეტ თავის ტკივილად მიაჩნიათ. ეს მაშინ, როცა მასწავლებელი ყოველთვის მზად უნდა იყოს სიახლეებისთვის - საგნობრივ კომპეტენციებს თავი რომც დავანებოთ, ამას ტექნოლოგიების განვითარება მოითხოვს, რომელიც აუცილებლად უნდა აისახოს სასწავლო მეთოდებსა და სწავლის პროცესზე.
ბოლო წლებში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი შედეგი ისიც გახლავთ, რომ გაიზარდა აქტიურ მასწავლებელთა რაოდენობა, მაგრამ დღევანდელ პირობებში წარმატებული მასწავლებლები მაინც ვერ ახერხებენ თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების სხვებისთვის სათანადო დონეზე გაზიარებას. პროფესიული განვითარების სქემას შეუძლია, ამ მიმართულებითაც გააუმჯობესოს მდგომარეობა, თანამშრომლობა ორივე მხარისთვის ურთიერთსასარგებლო ვალდებულება გახდება. ბარემ აქვე დავაზუსტებთ: ჯანსაღი თანამშრომლობა წარმოგვიდგენია როგორც ახალი იდეების მიწოდება და სასარგებლო რჩევების მიცემა, თუმცა მასწავლებელი მათ კოპირებას კი არ უნდა ცდილობდეს, არამედ აანალიზებდეს, შემოქმედებითად უდგებოდეს და თავის სტილს არგებდეს.
მოკლედ, პროფესიული განვითარების სქემის სწორად განხორციელების შემთხვევაში მასწავლებელს ერთდროულად გაუჩნდება ვალდებულება და მოტივაცია, გაეცნოს მეთოდიკის სიახლეებს, ითანამშრომლოს კოლეგებთან, განახორციელოს სხვადასხვა აქტივობა. მოგეხსენებათ, სქემით გათვალისწინებული მეთოდური თვალსაზრისით სწორად განხორციელებული აქტივობები კრედიტებად იქცევა, ხოლო კრედიტების შესაბამისი რაოდენობა მასწავლებელს ზედა საფეხურზე გადასვლის საშუალებას მისცემს, რაც ავტომატურად აისახება მის ხელფასზე. მაგრამ ყველაფერი ეს ჯერჯერობით თეორიაა, ხოლო რეალურ შედეგებს პრაქტიკა გვიჩვენებს. აქვე დავასახელებთ ზოგიერთ იმ გარემოებასაც, რომლებიც მასწავლებლებლების ერთ ნაწილს არცთუ უსაფუძვლოდ პესიმისტურად განაწყობს. მათ მიაჩნიათ, რომ პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ წამოყენებული მოთხოვნები პრაქტიკულად მიუღწეველია (განსაკუთრებით - ორი უმაღლესი კატეგორიის მოთხოვნები), შესაბამისად, ხელფასის ზრდის პესპექტივაც გაურკვეველი ხდება. მით უფრო, რომ ამა თუ იმ კატეგორიით გათვალისწინებული სახელფასო სარგო ჯერჯერობით ბურუსითაა მოცული.

მასწავლებლებს ისიც აშფოთებთ, რამდენად სამართლიანად მოხდება მათი ნამუშევრების შეფასება. მაგრამ, მოდი, ისევ ძირითად საკითხს, მასწავლებლის პროფესიონალიზმს დავუბრუნდეთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მასწავლებლობა არ მიეკუთვნება იმ პროფესიათა რიგს, სადაც საგნის ღრმა ცოდნა საკმარისია პროფესიონალიზმის მისაღწევად. გასათვალისწინებელია კიდევ უამრავი მნიშვნელოვანი თუ მცირე დეტალი. ამას წინათ უცხოურ საიტზე გავეცანი სტატიას საინტერესო სათაურით: „პროფესიონალი მასწავლებლის 26 მახასიათებელი". უპირველესად რიცხვმა დამაინტერესა, მართალი გითხრათ, გაზვიადებულიც კი მომეჩვენა. ქვემოთ სწორედ ამ ჩამონათვალს მოვიყვან. მიმაჩნია, რომ რომ ყოველთვის ყველა რჩევის შესრულება შეუძლებელია, ამიტომ გთავაზობთ, განიხილოთ როგორც ტესტი და დაფიქრდეთ, რამდენ მათგანს და რა დონეზე აკმაყოფილებთ.
1. ნდობით განაწყვე „კლიენტები", მოსწავლეები და მშობლები - განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სასწავლო წლის დაწყებაა, წარმატება პირველივე დღიდან იწყება.
2. ჩაიცვი პროფესიონალურად- გემოვნებით ჩაცმა მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანია.
3. არ დააგვიანო გაკვეთილზე - პროფესიონალი მასწავლებელი ყოველი დღის კარგად დაწყებას ცდილობს. ეცადე, პირველი ზარის დარეკვამდე, სულ მცირე, ათი წუთით ადრე მაინც მიხვიდე.
4. მოემზადე წინასწარ - მომდევნო დღე წინა დღეს დაგეგმე.
5. დაიცავი სკოლის შინაგანაწესი და წესდება - პროფესიონალებისთვის მნიშვნელოვანია კორპორაციული ინტერესები და ღირებულებები, ისინი ახდენენ მათ მოდელირებას თავიანთი კლიენტებისთვის, ჩვენს შემთხვევაში - მოსწავლეებისთვის.
6. აიღე პასუხისმგებლობა სასწავლო პროცესზე - აკონტროლე მოსწავლეების ქცევა. სასურველი არ არის დისციპლინასთან დაკავშირებულ საკითხებზე სკოლის ადმინისტრაციისთვის მიმართვა.
7. იმუშავე ისე, რომ იამაყო როგორც პროცესით, ასევე შედეგითაც - ეცადე, ნამუშევრები (პრეზენტაციები, ჩანაწერები და ა.შ) მაქსიმალურად სრულყოფილი იყოს.
8. იმოქმედე შემუშავებული გეგმის მიხედვით - პროფესიონალები ყველა სამუშაოსთვის წინასწარ განსაზღვრავენ ვადას და გეგმის მიხედვით ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ. მოყვარულები შესასრულებელ სამუშაოს სამომავლოდ გადადებენ ხოლმე და ხშირად უკანასკნელ მომენტში (ბოლო დღეს თუ სულაც ბოლო საათებში) ამაოდ ცდილობენ, დაასრულონ დაწყებული საქმე.
9. არ გადააცილო ტესტირების ან სხვა შემაჯამებელი შეფასების დათქმულ ვადას - ეცადე, შენგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გარეშე არ გადადო ტესტირება, მით უფრო - რამდენიმე დღით. ამ დროს შესაძლოა მოსწავლეებმა შემაჯამებელი სამუშაოს მიმართ ინტერესი დაკარგონ.
10. პატივისცემით მოეპყარი კოლეგებს და სკოლის ხელმძღვანელობას - მოსწავლეების თანდასწრებით კოლეგებისა და დირექციის მიმართ პატივისცემის გამოხატვა დაგეხმარებათ თქვენდამი მოსწავლეთა პატივისცემის მოპოვებაში.
11. იყავი შენი საქმის ენთუზიასტი - პროფესიონალ მასწავლებელს არ შეაქვს ნეგატიური მუხტი სამუშაო ატმოსფეროში, ცდილობს შეინარჩუნოს პოზიტიური განწყობილება და გადასდოს ენთუზიაზმი სხვებს.
12. მიესალმე ცვლილებებს - პროფესიონალი მასწავლებელი ყოველთვის მიესალმება პოზიტიურ ცვლილებებს. მისთვის მიუღებელია ახალი იდეებისთვის ცივი წყლის გადასხმა, კატეგორიული ტონით (მაგ.: „ეს ვერასოდეს გაამართლებს ჩვენს სკოლაში") სიახლეების უარყოფა.
13. გამოხატე ინტერესი თითოეული მოსწავლის მიმართ - რაც უფრო უკეთ გაიცნობ მოსწავლეებს, მით უფრო მეტ გავლენას მოახდენ შენი საგნის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე და ხელს შეუწყობ ცხოვრებაში გონივრული არჩევანის გაკეთებაში.
14. პატივისცემით მოეპყარი მოსწავლეებს - მასწავლებელი არამც და არამც არ შეურაცხყოფს, არ ამცირებს თავის მოსწავლეებს. რაიმე ცუდ თვისებაზე საუბრისას მაგალითად ნუ მოიყვანთ რომელიმე მოსწავლეს. მოსწავლეების ოჯახური და სოციალური მდგომარეობა, რელიგიური მრწამსი, პიროვნული თვისებები აკადემიური მოსწრების შეფასებისას მხედველობაში არ მიიღება.
15. იყავი მენტორი და არა მეგობარი - ყურადღებით მოეკიდე ახალგაზრდების ღირებულებებს. შეინარჩუნე თვითკონტროლი. ფრთხილად შეარჩიე სიტყვები. დაფიქრდი, რა გავლენა შეიძლება მოახდინონ მათ ერთ კონკრეტულ მოსწავლეზე ან მოსწავლეთა ჯგუფზე.
16. დაიცავი კონფიდენციალობა - პროფესიონალი მასწავლებელი მოსწავლეების პერსონალურ ინფორმაციას მათ სასარგებლოდ, მათი პოტენციალის სრულად გამოვლენისთვის იყენებს. პერსონალური ინფორმაცია არ უნდა იქნეს გაზიარებული მათთვის, ვისაც ეს არ ეხება და ამით გამოირიცხოს ამ ინფორმაციის მოსწავლეთა წინააღმდეგ გამოყენების შესაძლებლობა.
17. მშობლებთან ურთიერთობა - ჩართე მშობლები საგანმანათლებლო პროცესში, მხარი დაუჭირე მათ პოზიტიურ ინიციატივებს, სკოლის დახმარების სურვილს. მშობლებთან ურთიერთობისას შეინარჩუნე სიმშვიდე და იყავი ზრდილობიანი. აზრთა სხვადასხვაობისას სცადე დაარწმუნო ისინი, რომ მათი მოკავშირე ხარ მათი შვილების უკეთესი შედეგებისთვის ბრძოლაში.
18. უპირველესად, ყურადღება მიაქციე უსაფრთხოებას - გახსოვდეს, რომ როგორც პროფესიონალი მასწავლებელი სამსახურს უწევ მოსწავლეებს და სასკოლო საზოგადოებას. აუხსენი მოსწავლეებს, რა საჭიროა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესების შესრულება და თავადაც დაიცავი ისინი.
19. დაეხმარე კოლეგებს და სკოლის ხელმძღვანელობას - გახსოვდეს, წარმატებას სკოლასთან ერთად უნდა მიაღწიო. პროფესიონალები ერთმანეთს უზიარებენ შეხედულებებს საერთო მიზნების მისაღწევად.
20. აქციე შენს მიზნად საუკეთესო შედეგი - აწარმოე ჩანაწერები მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად. ნუ დაიშურებ ქებას, როცა ამას საჭიროდ მიიჩნევ. აღრიცხე მოსწავლეები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ და შეეცადე მოიფიქრო შემოქმედებითი აქტივობები მათი სასწავლო შედეგების გასაუმჯობესებლად.
21. აიღე პასუხისმგებლობა შენი მოსწავლეების შედეგებზე - როგორც პროფესიონალმა მასწავლებელმა გაითვალისწინე, რომ შენი მოსწავლეების სასწავლო შედეგები შენი პროფესიონალიზმის ანარეკლიც არის.
22. სახალხოდ მოიქეცი როგორც პროფესიონალი - მასწავლებლის არასწორი მოქმედება მხოლოდ მას კი არა, არამედ მთელ სკოლას აზიანებსდა ჩრდილს აყენებს, საზოგადოდ, მასწავლებლის პროფესიას.
23. არ გამოგეპაროს საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კანონმდებლობის სიახლეები.
24. ეძებე სიახლეები საგნის შესახებ და გაუზიარე იგი მოსწავლეებს - მასწავლებლობა მუდმივი გონებრივი მუშაობაა. გაითვალისწინე, რომ შენი ენთუზიაზმი სიახლეების მიმართ უშუალოდ აისახება საგნისადმი მოსწავლეების ინტერესზე.
25/ გაამარტივე გაკვეთილები - კარგმა მასწავლებელმა უნდა მოახერხოს რთული საკითხების გაიოლება და მოსწავლეებამდე მათი მიტანა. რთული საკითხების განხილვისას მოიყვანე მაგალითები, გამოიყენე ნახატები, სურათები, ილუსტრაციები, გაავლე პარალელები და ა.შ.

26. მიიპყარი მოსწავლეების ყურადღება - ასწავლე მათ, რატომ არის მნიშვნელოვანი იმის სწავლა, რასაც სწავლობენ და როგორ შეძლებენ შეძენილი ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას. თუ ამას მოახერხებ, ისინი უფრო მეტად მოინდომებენ იმის დამახსოვრებას, რასაც ასწავლი.


Saturday, May 3, 2014

ქართველი კიბერ-მეცნიერის უნიკალური გამოგონება – მალე ქართველები კომპიუტერში ტექსტის აკრეფას ჩვენი ხმით შევძლებთ

ქართველი კიბერ-მეცნიერის უნიკალური გამოგონება – მალე ქართველები კომპიუტერში ტექსტის აკრეფას ჩვენი ხმით შევძლებთ
ირაკლი ქარდავა – ქართველი კიბერ-პროგრამისტი, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს. ადამიანი, რომელიც მალე საკუთარი პროგრამის წყალობით ქართულ კიბერ-ისტორიაში შევა. მარტივად რომ ვთქვათ, მის მიერ შექმნილი პროგრამით “ვირტუალურ საქართველოს” შესაძლებლობა ექნება “Google-Voice“-ის სისტემის ნაწილი გახდეს, კიდევ უფრო მარტივად კი… წარმოიდგინეთ, რომ თქვენ კომპიუტერს არც მაუსი დასჭირდება და არც კლავიატურა და მასში ტექსტები ხმოვანი, ანუ თქვენს მიერვე წაკითხული ფორმით აიკრიფება… მოკლედ ყველაფერი გენიალური მარტივია და ეს რომ მალე მოხდეს, საამისოდ საჭიროა, თქვენი 10 წუთიანი ხმოვანი ტექსტი ირაკლი ქარდავას ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნოთ (geospeechrecognizer@gmail.com).

- ახლა ერთმანეთის პირისპირ ორი პოლარულად განსხვავებული ადამიანი ვართ, რომელთაგან ერთი ძალიან შორსაა კიბერსამყაროსგან, მეორე კი ძალიან ახლოს და, პირობითად რომ ვთქვათ, თქვენ მიერ გამოგონილი პროგრამა საშუალებას იძლევა, რომ ეს განსხვავება მაქსიმალურად შემცირდეს...
- მე სოხუმის უნივერსიტეტის დოქტორანტი ვარ და ახლა ვმუშაობ დისერტაციაზე. ჩემი კვლევის მიმართულებაა კომპიუტერული პროგრამა, რომელიც სწორედ კომპიუტერისგან ძალზე შორს მდგომი ადამიანისთვისაა, -მხოლოდ თითის დაჭერა სჭირდება ღილაკზე და ის ავტომატურად გააკეთებს ყველაფერს. ესაა ამოცანა, რაც კონკრეტული მომენტისთვის გვჭირდება. ეს ძალიან მარტივია და ამას არანაირი ცოდნა არ სჭირდება, მხოლოდ მაუსის ღილაკზე თითის დაჭერით მთელი პროგრამა იწყებს მუშაობას.
- ღილაკზე თითს დაჭერით რა ფუნქცია, ანუ რა ოპერაცია სრულდება?
- თავიდან იმას გეტყვით, რომ ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება და მიდის იქითკენ, რომ ყველაფერი რობოტიზებული, ანუ ხმით მართვადი გახდეს, ანუ კომპიუტერს ვესაუბრებით და ისიც ხმით გვაძლევს პასუხს,- ყველაფერი მარტივი იქნება. კომპიუტერი სიტყვებით მიმართავს და ისიც ადეკვატურად პასუხობს, ანუ ღილაკებზე თითის ზედმეტი მიჭერა საჭირო აღარ იქნება. ფაქტობრივად, მაუსი და კლავიატურა შესაძლოა, მეორე პლანზე გადავიდეს. ეს პროგრამა, რომელსაც მსოფლიოს ,,Speech Recognizer,, ჰქვია, – რომ გადავთარგმნოთ, – ხმის ამომცნობს ნიშნავს. სიტყვებს წარმოთქვამ და კომპიუტერი ამ სიტყვების ტექსტურ ვარიანტს კლავიატურაზე აკრეფის გარეშე შექმნის. შესაბამისი პროგრამის აპლიკაცია  iPhone-სთვისაც შეიქმნება.
საქართველოში ეს მიმართულება ძალიან დაბალ დონეზე იყო. 10340321_10202643444704991_1467781218_oრადგან ჩემი კვლევის მიმართულებაა კომპიუტერული ლინგვისტიკა, ამაში უშუალოდ ლინგვისტიკაცაა ჩართული, თან სიტყვები გრამატიკულად გამართულად უნდა იყოს დაწერილი.
- გამოდის, რომ, ფაქტობრივად, გრამატიკაც კარგად უნდა იცოდე?
- ეს თავისთავად ასეა, მაგრამ არის შემთხვევა, როცა ადამიანმა კარგად არ იცის გრამატიკა. პროგრამას შეუძლია გვითხრას, რომ ესა თუ ის სიტყვა ჩვენ არასწორად დავწერეთ და ამ სიტყვის სწორი ფორმის სხვადასხვა ვარიანტს შემოგვთავაზებს.
- თქვენი პროგრამა მომხმარებელს გამართულ ქართულად ლაპარაკსაც ასწავლის?
- დიახ, ნამდვილად ასე გამოდის. აქ შესაძლოა, რომ სასწავლო ელემენტებიც ჩაირთოს. ქართული ენის აკუსტიკური მოდელის სხვადასხვა სასწავლო პროგრამაში გამოყენება შეიძლება. ეს პროგრამა ჟურნალისტებისთვისაც გამოდგება, აი, ახლაც თქვენ იწერთ ამ ინტერვიუს, ჩვენი პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში კი ტექსტის კლავიატურაზე აკრეფა არ დაგჭირდებათ. უბრალოდ შეიყვანთ ამ ხმოვან ჩანაწერს, რომელსაც ჩვენი პროგრამა თავად გადააქცევს ტექსტად.
-  ანუ, ჩვენი საქმე გაცილებით გამარტივდება?
- დიახ, ასე გამოდის: დაიზოგება დრო, ნერვები… თან მონიტორსაც ხომ უყურებს ადამიანი და ესეც ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. თვალსაც ვასვენებეთ და პროგრამულად და ტექნიკურად კომპიუტერისგანაც უფრო შორსაა.
- მსგავსი სახის პროგრამა მსოფლიოში უკვე არსებობს?
- დიახ, არსებობს. ის მხოლოდ დიდი ენებისთვისაა, ესაა ინგლისური, ჩინური, იაპონური, საქართველოში კი მსგავსი რამ პირველია. ამ შემთხვევაში ერთ დეტალს კიდევ გავითვალისწინებდი, ქართულ ანბანში 33 ასო-ბგერაა. მათ ჩვენ ფონემებს ვეძახით. ფონემა ყველაზე მცირე ნაწილაკია, მაგრამ ეს მხოლოდ ქართულისთვისაა დამახასიათებელი. არის ენები, რომლებშიც 2-3 ასო იწერება და იკითხება მხოლოდ ერთი.
- ანუ ჩვენი ენა იმდენად სრულყოფილია, რომ მასზე ეს პროგრამაც უფრო მორგებულია.
- დიახ, ნამდვილად ასეა… ჩვენზე უფრო მორგებულია.
- და თქვენი პროგრამით შეგიძლიათ იმ ენებსაც დავეხმაროთ, რომლებსაც ასეთი ფუფუნება არ გააჩნია?– ნამდვილად ასეა, ანუ ამ პროგრამით ამ ენების სპეციფიკაცაა გათვალისწინებული და საქართველოს შეუძლია, სხვა ქვეყანასაც დაეხმაროს.
- ირაკლი, ეს პროგრამა თუ გაქვთ დაპატენტებული?
- ვფიქრობ, დაპატენტება, ძირითადად, კომერციული პროექტით ხდება, მაგრამ ჯერჯერობით რახან ეს კომერციული თემაა, დაპატენტება ჩვენთვის – მეცნიერებისთვის ნაშრომის გამოქვეყნებაა და ახლა ამაზეც მიდის მუშაობა. ჩვენზე მასალა უკვე სხვადასხვა გამომცემლობაში დაიბეჭდა, ახლა ინგლისსა და ესპანეთშიც გამოქვეყნდება. ამის გარდა, ვიყავით პარიზსა და სინგაპურშიც.
- გარდა ამისა, ეს პროგრამა, უსინათლოებსაც ძალიან დაეხმარება…
- ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ – ერთ უწყებასთან გვქონდა მოლაპარაკება და მათი ამ პროგრამით დაინტერესება ძალიან გამიხარდა. ამასთან, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი დიდ ყურადღებას უთმობენ ასეთი ადამიანების პრობლემებს და ეს პროგრამა უსინათლოებისთვის იდეალური შემთხვევააა, რომ ინტერნეტსივრცეში ჩაერთონ და კომპიუტერთან ურთიერთობის საშუალება მიეცეთ.
- ანუ მათ სოციალურ ქსელშიც შეეძლებათ ჩართვა, მაგრამ ამ შემთხვევაში სოციალურ ქსელს ალბათ თავად უნდა გააჩნდეს ეს პროგრამა?– ნამდვილად ასეა, ჩვენ შესაძლოა ცალკე ადგილობრივად შევქმნათ ისეთი პროგრამა, რომელიც ტექსტს თვითონ გადაიტანს.
- მცირე ლირიკული გადახვევა: ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პირობითად პატარა ბიჭს ეზოში ფეხბურთის თამაშს გვიანობამდე კომპიუტერთან ჯდომა ერჩია.. ასეა?
- თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემს შემთხვევაში სულ სხვაგვარად იყო საქმე, ბავშვობაში მე მძლეოსნობით ვიყავი დაკავებული. მივხვდი, რასაც გულისხმობთ, არიან ადამიანები, რომლებსაც რომ შეხედავ, გარეგნულად ეტყობათ, რომ კომპიუტერზე არიან მიჯაჭვულები და მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ. ჩემს შემთხვევაში ასე ნამდვილად 10269560_635615629843006_4203797233826566020_nარ ყოფილა. დღესაც ჩემი დამოკიდებულება კომპიუტერთან მხოლოდ მეცნიერულ ხასიათს ატარებს.
ბავშვობაში მიყვარდა მათემატიკა და ბევრჯერ ყოფილა, რომ რეალურად ვერ ამომიხსნია რაიმე ამოცანა და მისი პასუხი სიზმარში მინახავს. მერე შემიმოწმებია და სწორი პასუხი აღმოჩენილა. ამის მერე ფურცელი და კალამი საწოლის გვერდით მედო, და როცა რაიმე დამესიზმრებოდა, ეგრევე ვინიშნავდი ხილმე…
- იდეების შემთხვევაშიც თუ იყო ასე და ამჟამად თუ გაქვთ რაიმე ჩანაფიქრი, რომლის შესახებაც ჯერ არ გითქვამთ?
- დიახ, იდეებიც მომდიოდა ძილში. იმ დროს მეათე-მეთერთმეტე კლასში ვიქნებოდი… სიზმარში რომ მომდიოდა ხოლმე რაიმე იდეა, დილას არ ვუცდიდი და მაშინვე ვიწყებდი მუშაობას. ეს ამბავი მედიცინის თვალსაზრისით როგორ ავხსნა, არ ვიცი, მაგრამ, ვფიქრობ, ასეთი შემთხვევა მომავალშიც მექნება… მე როგორც ქართულ ენაზე შეყვარებულ ადამიანს, მინდა, რომ ქართული ენის ტექსტად გადაქცევა მოხდეს და პირიქითაც – ტექსტის საუბრად გადაქცევა.
- ანუ თქვენი პროგრამა კორექტურასაც გაუკეთებს ტექსტს?
- რა თქმა უნდა, გაუკეთებს..
- ბევრ ადამიანს დატოვებთ უსამსახუროდ?
- შეიძლება ერთი სახის სამსახური დაიკარგოს და სხვა წარმოიქმნას. პირიქითაც, კიდევ მეტი ადამიანი დასაქმდეს, ჩვენ უნდა შევქმათ ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის. კომპიუტერი ხელოვნურად კი არ გაგცემთ პასუხს, არამედ მან უნდა “გაიაზროს” და ამის შემდეგ დასრულებული აზრი გადმოგცეთ. შემდეგი ეტაპი იქნება რობოტები, რომლებიც…
- რომლებიც ადამიანებს შეცვლიან?
- არა, ადამიანებს არ და ვერც შეცვლიან, მაგრამ ძალიან კარგი დამხმარეები ნამდვილად იქნებიან.
- შეიძლება, რომ რობოტმა რაიმე გვირჩიოს?
- აი, სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ მან რჩევა მოგვცეს და გარკვეული ეკონომიკური პროგნოზებიც კი გააკეთოს. შესაძლოა, ისიც ვკითხოთ: ესა თუ ის ტანისამოსი გვიხდება თუ არა…
- მაშინ რა საჭიროა მეგობრები?
-
 მეგობრები იმისთვისაა საჭირო, რომ თავი ადამიანად ვიგრძნოთ!
- და რობოტები?
- მე ვფიქრობ, ყველა ადამიანს გულში რაღაც საიდუმლო აქვს, რომელიც არავისთვის უთქვამს… რობოტს უფრო მარტივად გაანდობს, იმიტომ, რომ რობოტი მაინც რკინაა და მასთან უხერხულობაც არ დაგვეუფლება. ეს ხუმრობით. სერიოზულად კი, ამ პროგრამის დახმარებით ჩვენ “Google-Voice“-ის  შემქმნელთან გვაქვს ურთიერთობა და ენის აკუსტიკურ მოდელს მალე ჩამოვაყალიბებთ, ამას როცა გავაკეთებთ, „გუგლში“ ქართული ხმის, ანუ ამ პროგრამის ინტეგრირება მოხდება. წარმოიდგინეთ, ეს მხოლოდ რამდენიმე დიდ ენას აქვს და ახლა უკვე ქართულსაც ექნება.
მე გავაკეთე ბლოგი, სადაც ამის შესახებ დავწერე და მას სხვადასხვა ქვეყნიდან ძალიან ბევრი ნახვა ჰქონდა. ახლა რისი თქმა მინდა, იცით? ამ პროგრამას ამ ეტაპზე მხოლოდ ჩემი ხმა ესმის, იმისათვის, რომ სხვადასხვა ხმები გაარჩიოს, საჭიროა, მეტი ხმა მქონდეს ბაზაში, ამიტომ თხოვნა მაქვს, რომ ჩემს ელექტრონულ ფოსტაზე გამომიგზავნოთ თქვენი 10-წუთიანი ჩანაწერი, რათა 200 მაინც მქონდეს და ამის მერე, ენის აკუსტიკური მოდელი გაკეთდება. მაგალითად, მე პოეზია და, კერძოდ, შექსპირი მიყვარს, შესაძლოა, რომ თქვენც ჩაწეროთ მისი რომელიმე სონეტი და გამომიგზავნოთ… მალე ამ პროექტის პრეზენტაციას მოვახდეთ მეცნიერთა წრეში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქვე, თქვენი საშუალებით, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ხელმძღვანელს, მსოფლიო დონის მეცნიერს, ბატონ ჯემალ ანთიძეს და ქალბატონ ნანა გულუას, რომელთა გარეშეც ეს პროგრამა არ გაკეთდებოდა.


თეონა გოგნიაშვილი


                 


03 05 2014 00:47:59

Friday, February 7, 2014

ფსიქოლოგიური ტესტი: გაიგეთ თქვენი IQ – ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტი


http://www.lollipop.ge/%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%92/


დააჭირეთ ხელი სურათს და გაიხსნება ტესტი

Google-ში ძიების 9 ხერხი

1. როგორ ვიპოვოთ ზუსტი ფრაზა, ან სიტყვის ფორმა
ოპერატორ „“-ს მეშვეობით. ჩასვით სიტყვა ან ფრაზა ბრჭყალებში და გუგლი მოძებნის იმ ვებ-გვერდებს, სადაც ზუსტად ეს ფრაზაა.
მაგალითად:
„მე გწერთ“
2. როგორ ვიპოვოთ ციტატა, რომელშიც სიტყვაა გამოტოვებული.
დაგავიწყდათ სიტყვა ციტატაში? ჩასვით მთელი ციტატა ბრჭალებში, გამოტოვებული სიტყვის ნაცვლად კი ვარსკვლავი * დაწერეთ. ციტატა დავიწყებულ სიტყვასთან ერთად მოიძებნება.
მაგალითი: „იყო არაბეთს * მეფე“
3. როგორი ვიპოვოთ სასურველი სიტყვა.
უბრალოდ ჩამოთვალეთ ყველა სიტყვა ვერტიკალურად, მათ შორის კი სლეში ჩასვით |.
მაგალითი:
ანანასი | მწყერი | შამპანური
4. როგორ ვიპოვოთ სიტყვა, რომელიმე წინადადებაში
გამოიყენეთ ოპერატორი სიტყვით „ ამპერსანდი“ - &. თუკი სიტყვებს ამპერსანდით შეაერთებთ, გუგლი მოძებნის დოკუმენტებს, სადაც ეს სიტყვები ერთ წინადადაებაში გვხვდება.
მაგალითი:
ილიას ძეგლი & აკაკის
5. როგორ ვიპოვოთ დოკუმენტი, რომელიც კონკრეტულ სიტყვას შეიცავს.
სასურველ სიტყვას წინ პლუსი დაურთეთ და არ გაყოთ იგი space-ით. ძებნაში დაურთეთ რამდენიმე აუცილებელი სიტყვა.
მაგალითად:
ალი და ნინო + ბულვარი
6. როგორ გამოვრიცხოთ სიტყვა ძებნიდან
სიტყვას წინ მინუსი დაურთეთ. შეგიძლიათ რამდენიმე სიტყვაც გამორიცხოთ
მაგალითი:
მუმი ტროლი მულტფილმი -როკი - ლაგუტენკო
7. როგორ ვეძებოთ გარკვეულ საიტზე
ამისთვის გამოიყენეთ ოპერატორი site. ამ სიტყვის მერე აუცილებლად დაურთეთ ორწერტილი.
მაგალითი:
საქართველოს კონსტიტუცია site: consultant(წერტილი)ge
8. როგორ მოვძებნოთ გარკვეული ტიპის დოკუმენტები
გამოიყენეთ ოპერატორი mime. შეიყვანეთ ძებნაში mime, ორწერტილი და შემდეგ იმ ტიპის დოკუმენტი, რომელსაც ეძებთ. მაგალითად, pdf ან doc.
მაგალითად: განცხადება mime: pdf 
9. როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია გარკვეულ ენაზე
ოპერატორ lang-ის მეშვეობით. lang- ის მერე დასვით ორწერტილი და დაწერეთ რა ენაზე ეძებთ დოკუმენტებს. 
მაგალითად ვეფხისტყაოსანი lang:ru 

გამოყენებული საიტები:
http://life.mediamall.ge 
http://geonews.ge/?page=24&news_id=198696