Wednesday, June 12, 2013

სამსახურში ძილი აუცილებელია

რამდენიმე დღის წინ რუსულ მას-მედიაში ერთი უცნაური და ამავდროულად სახალისო ინფორმაცია გამოქვეყნდა.
გამოუძინებელი ადამიანი რომ სამსახურში ვერაფერს გააკეთებს, ბელორუსის დედაქალაქ მინსკში უკვე მიხვდნენ. ამ ქალაქში მომუშავე სარეკლამო სააგენტომ - „თეთრი კვადრატი“ ახალი დადგენილება „მიიღო“ ძილისგუდა თანამშრომლებისთვის და მათ ნება დართო სურვილის მიხედვით სამუშაო მაგიდებზე დაიძინონ. არავის აქვს კოლეგის გაღვიძების უფლება და ვინც იხმაურებს, მკაცრად დაისჯება.
ფირმის მესვეურთა ამ ორიგინალურმა გადაწყვეტილებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ადგილობრივ მეცნიერთა ნაწილი ამ ფაქტს მიესალმება, რადგან სამუშაო მაგიდაზე ნანახმა სიზმარმა შეიძლება გადატრიალება მოახდინოს. მაგალითისთვის მენდელეევის მიერ პერიოდულობის სისტემის აღმოჩენასა და ნილს ბორის მიერ ატომის მოწყობის მოდელის ხილვას ასახელებენ. მთავარია, ადამიანი საკუთარ სამუშაო დავალებაზე ფიქრობდეს ჩაძინების წინ და სიზმარში მისი ეფექტური შესრულების გზის დანახვა გარანტირებული ექნება.
ბევრი ირონიით უყურებს ამ ყველაფერს, მაგრამ ფაქტია, რომ „თეთრი კვადრატი“ ქვეყანაში ყველაზე ძლიერ და წარმატებულ სარეკლამო ორგანიზაციად ითვლება.
უფრო სარწმუნოა ვარიანტი, რომ სააგენტო ამ უცნაური დადგენილებით თვითრეკლამას ეწევა, საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობს. საინტერესოა, რომ კომპანიას „დადგენილების“ მიღების შემდეგ კლიენტთა რიცხვი გაუორმაგდა.

Google-ის ოფისი ლონდონში


ლონდონში GOOGLE-ის ოფისის დიზაინზე მუშაოდა სტუდია PENSON. ოფისში რომლის საერთო ფართი აღემატება 14865 კვ.მ. წარმოდგენილია სხვადასხვა თემატური ზონები, მათ შორის მთავარი მისაღები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, კაფე, რესტორანი და სხვა დანიშნულების სამუშაო ან გასართობი ოთახები, ქალაქზე პანორამული ხედებით.

მიუხედავად იმისა, რომ ოფისში განთავსებულია 1250-მდე მაგიდა და ამდენივე სკამი, ოფისი უფრო ჰგავს საცხოვრებელ პენტჰაუსს ორანჟერეით, ღია ბაღებით და კრეატიული დიზაინის ოთახებით. სწორედ ხსენებული მიდგომა განაპირობებს ოფისის თანამშრომლების მოტივაციას სრულყოფილი მუშაობისთვის, რაც პირველ რიგში განაპირობებს კომპანიის წარმატებას.

Monday, June 3, 2013

დირბის “მიდგომილი ღვთისმშობელი” – უშვილოთა და ორსულთა შემწე

 ქარელის რაიონის სოფელ დირბში X საუკუნეში აგებული დირბის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი მდებარეობს. აქვე მროველ – ურბნელი მიტროპოლიტი იობის (აქიაშვილი) ლოცვა – კურთხევით 2001 წლის პირველ მაისს დედათა მონასტერი დაარსდა. 
დირბის ღვთისმშობლის ფრესკატაძარი განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა. წყაროებზე დაყრდნობით, დირბის მონასტერი XVI საუკუნიდან იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი იყო, ანუ ის თავისი მამულებით ჯვრის მონასტერს ექვემდებარებოდა და მას ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტი განაგებდა. XXI საუკუნის დასაწყისისთვის კი ამ ფასდაუდებელ საუნჯეს თითქმის სრულიად მიწით დაფარულსა და განადგურებულს ვხედავთ.
2003 წელს ტაძარსა და სამრეკლოს რესტავრაცია ჩაუტარდა. ტაძარში მოიხსნა ნალესი ფენა, რის შემდეგაც გამოჩნდა XIV ს.-ის უნიკალური ფრესკები. დირბის ტაძრის მოხატულობა ამ პერიოდში ფართოდ გავრცელებულ პალეოლოგოსთა მხატვრულ სტილს მიეკუთვნება. ეს სტილი XIII საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა ბიზანტიის სულიერი კულტურის ცენტრებში – კონსტანტინოპოლსა და თესალონიკში და სწრაფად გავრცელდა ბიზანტიური კულტურის არეალის მართლმადიდებლურ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. მხატვრობის ძირითადი ნაწილი ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველ ციკლს ეთმობა, მათ შორის არის უნიკალური ფრესკა “იოსების ყვედრება”, სადაც ფაქიზი ოსტატობითაა გამოსახული განსაკუთრებული დედობრივი სითბოთი სავსე “მიდგომილი (ორსული) ღვთისმშობელი”.
დირბის „მიდგომილ ღვთისმშობელს“, რომლის მსგავსი გამოსახულებაც ძალზედ იშვიათია მართლმადიდებლურ სამყაროში, მრავალი სასწაული უკავშირდება. მათ შესახებ “ამბიონს”დირბის დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ნატალია (ხახუტაიშვილი) უამბობს:
„ღვთისმშობლის გამოსახულება სცენის დანარჩენ ნაწილთან შედარებით კარგადაა შემონახული. როგორც ამბობენ, ტაძრის კედლებიდან ნალესი ფენის მოხნისას პირველად სწორედ თითქმის უვნებელი დირბის ღმრთისმშობლის გამოსახულება გამოჩნდა, როგორც ნიშანი იმისა, რომ არც ნალეს ფენას, არც დროს, არც ბოროტის მსახვრალ ხელსა და ძალაუფლებას არ შეუძლია ადამიანების გულებიდან ამოშალოს ღვთის სიყვარული და სასოება. დირბის ღმრთისმშობელი გახლავთ ღვთისმშობლის უიშვიათესი გამოსახულება, რომელიც უნიკალურია თავისი შესრულების მანერითა და განსაკუთრებული სიფაქიზით. ფრესკიდან დაიწერა რამდენიმე ხატი, რომლებიც მონასტერშია დაბრძანებული.
დირბის მიდგომილი ღვთისმშობელი წყაროა მრავალი სასწაულისა, რომელიც მასთან თხოვნით მისული რწმენით აღსავსე ადამიანებისათვის ოდითგანვე აღსრულდებოდა, ღვთისმშობლის მოწყალების ნაკადული დღემდე გადმოსჩქეფს და სასწაულები გრძელდება…
დირბის ღვთისმშობელი, უპირველეს ყოვლისა, უშვილოთა და ორსულთა შემწეა და სწორედ ამიტომ მასთან გულმხურვალე ვედრებით უწყვეტად მოედინება შვილიერების მოსურნე წყვილთა ნაკადი. მათგან უმეტესობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვლავ ბრუნდება მასთან – ნაცვლად ტკივილისა უკვე მადლიერებით აღსავსე თვალებით.
მონასტერმა 2010 წელს გამოსცა დირბის ღვთისმშობლის პარაკლისი, რომლიც აქვეა შედგენილი. უშვილო წყვილთა შემწეობისათვის მონასტერში იქსოვება სარტყელი უშვილოთათვის. სარტყელს, რა თქმა უნდა, სიმბოლური დატვირთვა აქვს და უკავშირდება უშვილოთა და ფეხმძიმეთა შემწე დირბის ღვთისმშობელს. იგი წყვილებს მის მეტ სასოებასა და რწმენას შთაუნერგავს. ტაძრის მოლოცვისა და სარტყელის გამოყენების შემდეგ არაერთი უშვილო გამხდარა დირბის ღვთისმშობლის შეწევნისა და წყალობის ღირსი.”
მონასტერში დირბის ღვთისმშობლის მეოხებით აღსრულებული სასწაულების მოძიება-შეგროვება ხდება. მორწმუნენი, საკუთარი ხელით წერენ დირბის ღვთისმშობლისადმი ვედრების შემდეგ მათ თავს აღსრულებული სასწაულების – შვილიერების, კურნებებისა და სხვათა შესახებ. ეს საქმიანობა დირბის დედა ღვთისმშობლის კიდევ მეტად განდიდებას ემსახურება.
“ამბიონის” მკითხველს გაგაცნობთ რამდენიმე ჩანაწერს, რომელიც დირბის ღვთისმშობლის მიერ აღსრულებულ სასწაულს უკავშირდება.
ნინო ხარაბაძე: “მადლობა დირბის დედათა მონასტერს იმისათვის, რომ ორწლინახევრის წინ სასწაული მოახდინა ამ სასწაულთმოქმედმა მონასტერმა და ჩემს დას – ანას შეეძინა (9 წლის განმავლობაში არ უჩნდებოდა შვილი) პატარა ანდრია”.
მარინე ბიწაძე-ხომერიკი: “8 წელი არ გვყავდა შვილი, დირბის მონასტრის ღვთისმშობლის შეწევნით გვეყოლა გოგონა – ნინო. დიდი მადლობა დირბის ღვთისმშობელს მოწყალებისთვის”.
ინგა დვალი: “შვილი – ეს ღვთისაგან ბოძებული უდიდესი საჩუქარია, რომელიც ყველა ოჯახისათვის სიხარულისა და ბედნიერების მომტანია. 2009 წლის იანვარში სიყვარულით შევქმენი ოჯახი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, მოსიყვარულე მეუღლე… სრულ ბედნიერებას მხოლოდ ერთი რამ უშლიდა ხელს. დრო გადიოდა და შვილი კი არ მიჩნდებოდა. ორი წელი ვმკურნალობდი, რომელ ექიმთან არ ვიყავი, მაგრამ უშედეგოდ…
დროთა განმავლობაში ვხვდებოდით, რომ ამ ყველაფერს აზრი არ ჰქონდა. ყველაფერი უფლის ნება იყო. ამიტომ მკურნალობა შევწყვიტე და მე და ჩემმა მეუღლემ გავაძლიერეთ ლოცვა, მარხვა, დავიწყეთ მონასტრების მოლოცვა: ზუგდიდში, სალხინოში, გოგნში…
მამაომ (მამა პეტრემ) მომცა ლოცვა–კურთხევა, რომ რამდენიმე დღით დედათა მონასტერში წავსულიყავი და მეც დირბის დედათა მონასტერში წავედი, რადგან დედა ნატალიასგან ვიცოდი მიდგომილი ღვთისმშობლის ხატის სასწაულთმოქმედების შესახებ. ხატის წინაშე ვლოცულობდი, ვთხოვდი ღვთისმშობელს მოწყალება მოეღო. მონასტრიდან წამოვიღე სარტყელი, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს. სატრყელს დღემდე ვატარებ.
5 თვის შემდეგ დავრჩი ფეხმძიმედ, უბედნიერესი ვარ, რადგან ღვთის წყალობით პატარას ველოდები. მადლობა ღმრთისმშობელს რომ მოწყალება მოიღო. მსურს ჩემსავით ბედნიერები იყოთ. გირჩევთ მოილოცოთ დირბის დედათა მონასტერი, მიენდეთ უფალს და თქვენი ნატვრა, გახდეთ “დედა” აგისრულდებათ. უფალი და ღვთისმშობელი იყოს თქვენი მფარველი. უფალმა გისმინოთ. ამინ!”
დირბის ღვთისმშობლის წყალობით ქვეყანას მრავალი პატარა მოევლინა და გამოჯანმრთელდა. ვინც დირბის მიდგომილ ღვთისმშობელს რწმენით ევედრება, დედაღვთისა თავისი დედობრივი შეწევნით შეეწევა. დედაღვთისა იყოს ყველა უშვილო წყვილისა და ორსულთა შემწე.
თეონა ნოზაძე
გამოქვეყნებულია: 20.05.2013