Friday, December 13, 2013

20 საინტერესო ფაქტი YouTube-ს შესახებ


20 უაღრესად საინტერესო ფაქტი #1 ვიდეო-პორტალის შესახებ.
1.YouTube- სამივე(Steve Chen, Chad Hurley, Jawed Karim) დამაარსებელი მუშაობდნენ Paypal-ზე, სანამ პროექტს შექმდნინენ.
2. დომეინმა YouTube- გაიარა რეგისტრაცია წმინდა ვალენტინის დღეს.
3. საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლების 70% ამერიკელია, ხოლო საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლების ნახევარი კი 20 წელზე პატარაა.
4. YouTube, რომ იყოს ჰოლივუდური კინოკომპანია, მას ექნებოდა საკმარისი მასალა, რომ ყოველი კვირის ბოლოს გამოეშვა 60 000 ახალი ფილმი.
5. იმისათვის, რომ აწარმოონ იმდენი ვიდეოები ტელეარხებმა NBC-, ABC-, CBS-მა, რამდენიც ბოლო 2 თვის განმავლობაში აიტვირთა YouTube-ზე, საჭიროა, რომ ამ ტელეარხების თანამშრობლებმა იმუშაონ უიკ-ენდების გარეშე და დღე-ღამით 1948 წლიდან დღემდე.
6. დღესდღეობით ტრაფიკის საერთო რაოდენობა YouTube-ზე იმდენია, რამდენიც გამოიყენებოდა მთელი ინტერნეტისა 2000 წელს.
7. საჭიროა 1000 წელი, რომ უყუროთ ყველა ვიდეოს, რაც კი დევს YouTube-ზე. (ამასობაში ვიდეოების რაოდენობა საიტზე გადაცდება მილიარდს.)
8. ყველაზე გავრცელებული კატეგორია არისმუსიკა”, მას უკავია ვიდეოების 20%.
9. YouTube-ზე ყველაზე მეტ ვიდეოს ტვირთავს ამერიკის შეერთებული შტატები და მას მოსდევს შემდეგ დიდი ბრიტანეთი, ხოლო რაც შეეხება ნახვებს, ამ მხრივ ლიდერობს კვლავ აშშ და შემდეგ აშშ- მოყვება იაპონია.
10. პირველი ვიდეო, რომელიც აიტვირთა YouTube-ზე ერქვამე ზოოპარკში.” ვიდეო აიტვირთა 2005 წლის 23 აპრილს და ეს ვიდეო დადო YouTube- ერთ-ერთმა დამაარსებელმა ჯავედ კარიმმა.
11. YouTube-ზე ვიდეოების საერთო ნახვები შეადგენს ყოველწლიურად 2 მილიარდს.
12. Google- YouTube შეიძინა 2006 წელს. 1.65 მილიარდ ამერიკულ დოლარად.
13. რუსული YouTube- პირველი ვიდეო იყო პეტრ ნალიჩის კლიპი.
14. 2007 წლის 13 მარტს კომპანია “Viacom”-მა საჩივარი შეიტანა Google- წინააღმდეგ, რადგანაც კომპანიამ დაარღვია საავტორო უფლებები და “Viacom”-მა მოითხოვა სერვისის ყველა მომხმარებლის პირადი მონაცემები. ფედერალურმა მოსამართლემ დააკმაყოფილა საჩივარი და Google იძულებული გახდა შეესრულებინა მოთხოვნები.
15. ბევრმა დღევანდელმა ცნობილმა ადამიანმა სახელი გაითქვა სწორედ, რომ YouTube- საშუალებით, ამის საუკეთესო მაგალითია ჯასტინ ბიბერი, რომლის ვიდეოებსაც საიტზე ტვირთავდა დედამისი.
16. ვიდეოს ატვირთვისას, თუკი დააწვებით კლავიატურაზე ზემოთა და ქვემოთა ისრებს ჩაირთვება თამაშიგველი”.
17. 2010 წლის ნოემბრის სტატისტიკის მიხედვით Youtube-ზე წუთში იტვირთება 35 ვიდეო.
18. ვიდეო, რომელსაც აწერიაწაშლილიაშესაძლებელია მისი ნახვა აპლიკაციის საშუალებით, რომელსაც ეწოდება Deleted YouTube Video Viewer.
19. 2009 წლის მარტში ჩინეთის მთავრობამ და ბლოკა საიტი, რადგანაც ერთ-ერთ ვიდეოში ნაჩვენები იყო თუ როგორ უსწორდებიან ჩინელი ჯარისკაცები ტიბეტელ ბერებს და ტიბეტის სხვა მცხოვრებლებს.
20. Wikipedia- თანახმად 2005 წლის 15 თებერვალს საიტმა Www.YouTube.Com-მა ოფიციალურად დაიწყო თავისი საკუთარი ისტორია.


წყარო ucnauri.com

Monday, December 9, 2013

33 რჩევა მასწავლებელს!


1. ყოველი დღე ახლით დაიწყე. სიახლე წარმატებულს ხდის სკოლას და ახალისებს სასკოლო პროცესს.
2. ეცადე, ყოველ კვირას მცირედი ცვლილება მაინც შეიტანო სასკოლო ოთახის გაფორმებაში.
3. დატვირთე გაკვეთილი სანახაობითი მასალით.
4. ნუ იჩქარებ ახალი მასალის ახსნისთვის, იცოდეს მოსწავლემ, რომ მთავარი ახსნილის ანალიზი და მისი შეთვისებაა.
5. შენს მიერ შეთავაზებულ ახალ მასალას წინ მოტივაცია წაუმძღვარე.
6. ეცადე, ყველა საკითხი გააშუქო მოსწავლის პროვოცირებით, სწავლების პროცესის ეს მიგნება, მოსწავლის სწავლის ინტერესის გაღრმავებას იწვევს.
7. არ დაგავიწყდეს, კრიტიკულობა ადამიანის უდიდესი მონაპოვარია.
8. გაეპრანჭე შენს მოსწავლეებს, მათ ლამაზი მასწავლებელი მოსწონთ.
9. არ დაგავიწყდეს ყოველ დილით შენს მოსწავლეს კომპლიმენტი რომ უნდა უთხრა.
10. ეცადე, რაღაცას დაჰპირდი და აუცილებლად შეუსრულე, ეს თამაში კომუნიკაბელურს ხდის მოსწავლეს.
11. დამაჯერებლად გამოიყურებოდე - მოსწავლის რწმენის აღზრდაა.
12. ხომ გახსოვს, შენ რომ შენი მოსწავლის მეგობარი ხარ.
13. დაიცავი შენი უფლებები, რათა მოსწავლემ ისწავლოს თავის უფლებების დაცვა.
14. არასოდეს მოიტყუო.
15. იყავი უშუალო, მომთხოვნი და სამართლიანი.
16. დაუმეგობრდი შენი მოსწავლეების ავტორიტეტს.
17. არასოდეს ცუდად არ დაახასიათო ცუდი ადამიანიც კი, ვიღაცის ცუდი ხასიათი ყოველთვის გაამართლე. ბავშვობის ასაკში უკეთესია იცოდეს მან, რომ ამ ქვეყანაზე ცუდი ადამიანები არ არსებობენ.
18. ეცადე, რაც შეიძლება ფერადად დაანახო სამყარო შენს მოსწავლეს.
19. იყავი ფანტაზიორი, მოსწავლე აუცილებლად მოგბაძავს.
20. შენი კოლეგიალობა - კლასის ერთსულოვნებაა.
21. ნუ შეეცდები შენს მოსწავლეებს დაანახო, რომ ყველაფერი იცი, იცოდნენ მათ, რომ შენ ყოველდღე ახალ რამეს სწავლობ, ისინი ანალიზს აუცილებლად გააკეთებენ და მიხვდებიან, რომ მთელი ცხოვრება უნდა ისწავლონ.
22. ძიების უნარი სასწავლო პროცესის გადახალისების მთავარი მომენტია, აზროვნების, გონების წრთობაა.
23. გუნდური თუ ინდივიდუალური მუშაობის დროს გაითვალისწინე კლასის ინტერესი.
24. გამოიყენე ბუნება გაკვეთილის ჩასატარებლად, ეს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ.
25. ნუ დაგავიწყდება, განათლებაზე მთავარი ხომ მათი ჯანმრთელობაა.
26. ნუ იქნები ნიშნის წერაზე ორიენტირებული, მთავარი ხომ შენი მოსწავლის ცოდნაა.
27. კარგი იქნება, თუ შენს მოსწავლეს მასწავლებლობანას ათამაშებ გაკვეთილზე.
28. მოსწავლის მიერ გამოთქმულ მცდარ აზრს დადებითი არგუმენტები მოუნახე, მიეცი მას საშუალება თავისუფლად გამოთქვას საკუთარი აზრი.
29. გამოიყენე შენს გაკვეთილზე მოსწავლის მიერ გამოყენებულ რომელიმე საუკეთესო მეთოდი ან ფრაზა.
30. შეაქე სუსტი მოსწავლე ყოველ დღე, ის სულ მალე წარმატებული გახდება.
31. გაუკეთე საკუთარ თავს შეფასება და ეცადე მოსწავლემ თვითშეფასების სისტემას სისტემატიური სახე მისცეს.
32. ხომ იცი, ყველაზე ფაქიზ, ყველაზე სათუთ, ყველაზე ლამაზ ქმნილებას წრთვნი.
33. ყოველთვის გახსოვდეს მოსწავლე ,,ნაძვისხეა,, და შენ მის გარშემო ტრიალებ.


ყოველივე ამას შენ აუცილებლად შესძლებ! იცოდე შენ ქვეყნის ხვალინდელ დღეს ქმნი!


ნინო მასურაშვილი

Monday, August 12, 2013

ბავშვი და კომპიუტერი



ჩვენს დროში, ინფორმაციის საოცარი მოზღვავების ჟამს, კომპიუტერმა ფართოდ შემოაბიჯა ადამიანის ცხოვრებაში. ბევრს ვეღარც კი წარმოუდგენია ცხოვრება ტექნიკის ამ საოცრების გარეშე. გასაკვირი არ არის, რომ ის უკვე ბავშვებისთვისაც ჩვეულებრივი მოხმარების საგნად იქცა.
კომპიუტერთან ურთიერთობას ბავშვი ადრე იწყებს - 2,5-3 წლისა უკვე ერთობა განმავითარებელი პროგრამებითა და კომპიუტერული თამაშებით, რომლებიც ავითარებს ყურადღებას, მეხსიერებას, აზროვნებას, რეაქციის სისწრაფეს, ხელის მოტორიკას, აცნობს ბავშვს ასოებს, რიცხვებს და გარემომცველი სამყაროს სხვა რეალიებს. პატარებს ძალიან უყვართ ინტერაქტიული სათამაშოები. სწორედ ასეთი სათამაშოა მათთვის კომპიუტერიც.
ბევრი ბავშვისთვის კომპიუტერი ყველაფერია, გონიერი მანქანა თითქმის მთლიანად ავსებს მათ ცხოვრებას. საშუალო და უფროსი სასკოლო ასაკის მოზარდებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ხშირად უმცროსკლასელები და სკოლამდელებიც კი საათობით სხედან მონიტორის წინ. ეს მშობლებს აშფოთებთ, თუმცა მათი მცდელობა, აუკრძალონ შვილებს კომპიუტერით დიდხანს გართობა, ამაოა.
თანამედროვე სამყაროში კომპიუტერი უბრალოდ აუცილებელია ბავშვისთვის, მაგრამ არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ ყველაფერი კარგია ზომიერად. ძალიან სასარგებლო წამალიც კი ჭარბი დოზით საწამლავად იქცევა.
* მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერთან ჯდომამ შესაძლოა ავნოს ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მაშინ როდესაც მისი რაციონალური გამოყენება არათუ საზიანო არ არის, არამედ დიდი სარგებლობის მოტანაც შეუძლია.
* მონიტორზე სწრაფად ცვალებადი გამოსახულებების დიდხანს ყურება ვნებს მხედველობას, ამიტომ არ შეიძლება კომპიუტერთან განუსაზღვრელ ხანს ჯდომა: 5-6 წლის ბავშვისთვის ოპტიმალურია 10-15 წუთი, 7-8 წლისასთვის - 30-40 წუთი, 9-10 წლისასთვის - 30-45 წუთი, მერე კი შესვენებაა საჭირო. კომპიუტერთან ურთიერთობისა და დასვენების სწორი მონაცვლეობით ბავშვს მხედველობას დავუზოგავთ.
უნდა ვარიდოთ ბავშვი კომპიუტერს ცუდი განათების პირობებში. მხედველობაზე გავლენას ახდენს მანძილიც მონიტორიდან თვალებამდე - ის 50 სმ-ს არ უნდა ჩამოუვარდებოდეს, რათა მზერა მიმართული იყოს პერპენდიკულარულად, ეკრანის ცენტრისკენ. ბავშვი უნდა იჯდეს გამართული ან ოდნავ წინ წახრილი, ხელები თავისუფლად უნდა ეწყოს მაგიდაზე. თავად მაგიდა კარგად განათებულ ადგილას უნდა იდგეს, მაგრამ ისე, რომ სხივი ეკრანს არ ეცემოდეს. ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვის პოზას კომპიუტერთან ჯდომის დროს. ერთსა და იგივე პოზაში დიდხანს ყოფნამ სკოლიოზი და ხერხემლის სხვა დაავადებები რომ არ გამოიწვიოს, სასურველია, ბავშვი სპორტსაც მისდევდეს. ხერხემლის პრობლემების თავიდან აცილებაში მოხერხებული ავეჯიც დაგვეხმარება - მაგიდა, სკამი ან სავარძელი ბავშვისთვის ზედმიწევნით კომფორტული უნდა იყოს.
* კომპიუტერით გატაცებული და ემოციურად დამუხტული ბავშვი ხშირად ვერ გრძნობს დაღლას და განაგრძობს მუშაობას, და თუ ეს სასწავლო პროგრამა კი არა, უბრალო კომპიუტერული თამაშია, ბავშვი შესაძლოა რამდენიმე საათიც ვერ მოსწყდეს კომპიუტერს. ასეთი რეჟიმის შედეგად ბავშვი გამუდმებით აღგზნებული, გაღიზიანებული და უმართავია, სძინავს ცუდად, ხშირად იღვიძებს და აღვიძებს მშობლებს. კომპიუტერით გატაცებული, კომპიუტერზე დამოკიდებული ბავშვი ნაკლებ დროს უთმობს სწავლას. კომპიუტერთან საათობით ჯდომის გამო ბავშვი ხშირად კარგავს რეალობისა და დროის შეგრძნების უნარს, იწყებს ცხოვრებას ვირტუალურ სამყაროში. არის შემთხვევები, როდესაც ასეთ მოზარდს უჭირს ხალხთან ცოცხალი, მეტყველებითი ურთიერთობა, ახასიათებს ემოციების სიძუნწე - ნამდვილი, ლაღი სიცილი, ღიმილი მისთვის უცხოა. ამ შემთხვევაში უნდა შემცირდეს კომპიუტერთან ურთიერთობის ხანგრძლივობა, შევთავაზოთ ბავშვს მხოლოდ ხარისხიანი, ასაკის შესაფერისი კომპიუტერული პროგრამები. კომპიუტერზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების საუკეთესო გზაა ყურადღების გადატანა სხვა საქმიანობაზე - სპორტზე, ხელოვნებაზე. თუ ამით ბავშვთან ერთად მშობლებიც დაინტერესდებიან, პროცესი დაჩქარდება.
ხშირად კომპიუტერზე დამოკიდებულებას ხელს უწყობს ოჯახის წევრებს შორის არსებული გაუგებრობა და გაუცხოება, სკოლაში არსებული მტრული დამოკიდებულება.
მშობლებს არცთუ უსაფუძვლოდ ეშინიათ, კომპიუტერულმა თამაშებმა ფსიქიკა არ დაუზიანოს ბავშვს. ასე რომ არ მოხდეს, უფროსი რეგულარულად უნდა ადევნებდეს თვალყურს, რით არის დაკავებული კომპიუტერთან მჯდომი ბავშვი. კარგი იქნება, თუ მშობელი პედაგოგთან კონსულტაციების შემდეგ თვითონვე შეურჩევს ბავშვს ისეთ კომპიუტერულ თამაშებს, რომლებიც ნერვულ დაძაბულობას კი არ გამოიწვევს, არამედ, პირიქით, შემეცნება-განვითარებას შეუწყობს ხელს. ძალადობის, სისასტიკის ამსახველი და სისხლიანი სცენები არამც და არამც არ არის რეკომენდებული; უმჯობესია, ბავშვს შევთავაზოთ ის, რაც ემოციურ და ინტელექტუალურ პოტენციალს განუვითარებს.
კომპიუტერული თამაშებისა და პროგრამების შერჩევისას ინდივიდუალური თავისებურებებიც უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, ჰიპერაქტიურობისკენ მიდრეკილი ბავშვი უნდა თამაშობდეს აუჩქარებელ, შედარებით მშვიდ თამაშებს, ხოლო ზედმეტად აუღელვებელსა და მშვიდს უფრო დინამიკური თამაშები სჭირდება. მნიშვნელოვანია თამაშის რიტმიც - თუ ბავშვი დაძაბულია, ხშირად უნდა შეისვენოს.
* გაუმართლებელია კომპიუტერის გამოყენება ბავშვის დასასჯელად ან წასახალისებლად. მთავარია, ბავშვის ენერგია წარვმართოთ სწორად - შევურჩიოთ ხარისხიანი თამაშები და საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც შევძლებთ, მნიშვნელოვნად გავაფართოოთ პატარა მომხმარებლის გამოცდილება და ხელი შევუწყოთ მის განვითარებას. კომპიუტერთან ურთიერთობა მხოლოდ გართობა კი არ უნდა იყოს ბავშვისთვის, შემეცნებითი საქმიანობის ელემენტებსაც უნდა შეიცავდეს.
* კომპიუტერს აქვს კიდევ ერთი ნაკლი - გამოსხივება. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ის ისეთივეა, როგორიც დედამიწის რადიაციული ფონი. კარგი კომპიუტერის ელექტრომაგნიტური გამოსხივება ნორმატივებს აკმაყოფილებს, თუმცა ოთახში, სადაც მუშაობს კომპიუტერი, იცვლება ჰაერის მახასიათებლები, ტემპერატურამ შესაძლოა 26-27 გრადუსამდე მოიმატოს, ტენიანობა 40-60%-მდე ქვეითდება, ნახშირორჟანგის რაოდენობა იმატებს. ყოველივე ეს შრომის უნარს ვნებს. ბავშვები მტკივნეულად რეაგირებენ ჰაერის ასეთ ცვლილებებზე. მათ შესაძლოა გაუჩნდეთ ყელის სიმშრალე, დაეწყოთ ხველა.
ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება უსაფრთხოების წესების დაცვა:
* კომპიუტერი უნდა დაიდგას კუთხეში ან კედელთან ისე, რომ მისი უკანა მხარე კედლისკენ იყოს მიქცეული.
* კომპიუტერი არ უნდა დაიდგას საწოლ ოთახში.
* ოთახი, სადაც კომპიუტერი დგას, ყოველდღე სველი წესით უნდა ლაგდებოდეს. არ არის სასურველი ოთახში ხალიჩების დაფენა.
* მუშაობამდე და მუშაობის შემდეგ კომპიუტერი სპეციალური საწმენდით უნდა გაიწმინდოს.
* მიიჩნევა, რომ ჩვენი მწვანე მეგობრები, კაქტუსები, ასევე ამცირებენ კომპიუტერის ნეგატიურ ზემოქმედებას.
* ოთახი ხშირად უნდა განიავდეს. აკვარიუმი ან ნებისმიერი სხვა წყლით სავსე ჭურჭელი ზრდის ჰაერის ტენიანობას.

თუ ამ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, კომპიუტერი ნაკლებ ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობას.

როგორ ავუმაღლოთ მოსწავლეს სასწავლო მოტივაცია


ყველა ის პრობლემა, რომელმაც ბავშვთან დაკავშირებით ნებისმიერ სკოლაში შეიძლება იჩინოს თავი, ორ დიდ ჯგუფად ერთიანდება. ერთი მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებულ სირთულეებს მოიცავს, მეორე - ბავშვის ქცევაში წარმოშობილ პრობლემებს. პრობლემათა ეს ორი ჯგუფი, ჩვეულებრივ, მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ხშირად მოსწავლის ქცევის სირთულეები სასწავლო საქმიანობაში არსებული პრობლემებით არის გამოწვეული. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან სწავლა სასკოლო ასაკის ბავშვის ქცევის წამყვანი ფორმაა და ყოველგვარი ცვლილება მის პიროვნულ განვითარებაში შეიძლება მხოლოდ სასწავლო პროცესის მეშვეობით განხორციელდეს. ასე რომ, თუ ბავშვის ქცევის კორექციას ვაპირებთ, უპირველესად სასწავლო პროცესში მისი ჩართულობის გაზრდასა და მისი წარმატების ხელშეწყობაზე უნდა ვიზრუნოთ. ამას მხოლოდ მაშინ მოვახერხებთ, თუ შევძლებთ, ბავშვს სასწავლო საქმიანობის მიმართ განწყობა შევუქმნათ. ეს კი, თავის მხრივ, იმ მოტივების გამოვლენას მოითხოვს, რომლებიც ბავშვს სწავლის სურვილს უჩენს.
სასკოლო მოტივაციის პრობლემა თანამედროვე განათლების სისტემის ქვაკუთხედია. მასზე მუშაობის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი კორექციისთვის აუცილებელია პედაგოგების, ადმინისტრაციის, ფსიქოლოგებისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა.
როგორც სასკოლო პრაქტიკა გვიჩვენებს, სასკოლო მოტივაციის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება სასკოლო სწავლების მე-2 და მე-3 საფეხურებზე გადასვლისას. თუ გავითვალისწინებთ სასწავლო მოტივაციის ასაკობრივ დაქვეითებას გარდამავალ პერიოდში, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება იმის განსაზღვრა, რით შეიძლება მოსწავლის მოტივირება, მასზე ზემოქმედება, როგორ უნდა ააგოს მასწავლებელმა სწავლების პროგრამა, რომ გადალახოს აკადემიური მოსწრების ტრადიციული დაქვეითება მე-6 - მე-8 კლასებში.

ძირითადი სასწავლო მოტივები
* სწავლის პრესტიჟულობა კლასში. ის გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საკლასო კოლექტივში თანაკლასელის აკადემიური წარმატება. არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ მოსწავლეს აქვს კარგად სწავლის მოთხოვნილება, კარგი განათლების მიღების სურვილი, მაგრამ თუ სწავლის პრესტიჟულობა კლასში დაბალია, მოზარდმა შესაძლოა შენიღბოს საკუთარი მოთხოვნილებები და სურვილები (ისწავლოს, მაგრამ კლასში არ გამოამჟღავნოს ცოდნა), რადგან ხვდება, რომ კარგად სწავლა, კარგი განათლება არ არის ის ნიშან-თვისება, რაც მას პოპულარულს გახდიდა თანაკლასელთა შორის და კლასში საერთო აღიარების ობიექტად აქცევდა.
* სწავლის პესტიჟულობა ოჯახში. ის გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდის ოჯახში მისი წარმატებული სწავლა.
* შემეცნებითი ინტერესი. გვიჩვენებს, აქვს თუ არა მოსწავლეს ახალი ცოდნის, ახალი ინფორმაციის მიღების ინტერესი. აშკარად გამოხატული შემეცნებითი ინტერესების მქონე მოსწავლეებს დიდ სიამოვნებას ჰგვრით ცოდნისა და ახალი ინფორმაციის მიღება, ახალი აღმოჩენები.
* მიღწევის მოტივაცია. გვიჩვენებს, აქვს თუ არა მოსწავლეს მიღწევის მოტივაცია, სურვილი, იყოს უკეთესი სწავლაში, ბოლომდე წარმოაჩინოს თავისი უნარები, ჭკუა, გონება შესაძლებლობები. აშკარად გამოხატული მიღწევის მოტივაციის მქონე მოსწავლეები სწავლობენ, უპირველესად, იმისთვის, რათა დაუმტკიცონ საკუთარ თავს, რომ ბევრი რამ შეუძლიათ.
* სოციალური მოწონების, აღიარების მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის მისი წარმატებების აღიარება გარშემო მყოფთა მიერ. მოსწავლეები, რომლებთანაც აღნიშნული მოტივი დომინირებს, სწავლობენ, უპირველეს ყოვლისა, ქებისთვის, აღიარებისთვის, წახალისებისთვის.
* თანაკლასელების მხრივ სოციალური მოწონების, აღიარების მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის აღიარება თანაკლასელების მხრივ.
* პედაგოგების მხრივ სოციალური მოწონების, აღიარების მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშნელოვანია მოსწავლისთვის მისი სასწავლო წარმატებების აღიარება, მოწონება, ყურადღება პედაგოგების მხრივ.
* მშობლების მხრივ სოციალური მოწონების, აღიარების მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის მისი სასწავლო წარმატებების აღიარება, მოწონება, ყურადღება მშობლების მხრივ.
* დასჯის შიში გვიჩვენებს, რა მნიშვნელობის მატარებელია ბავშვისთვის გარშემო მყოფთა მიერ მისი დასჯა, გაკიცხვა სასწავლო წარუმატებლობის გამო. მოსწავლეები, რომლებთანაც დომინანტურია დასჯის შიში, სწავლობენ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ეშინიათ, არ დასაჯონ, არ გაკიცხონ, არ ეჩხუბონ.
* სკოლის მხრივ დასჯის შიში. გვიჩვენებს მოსწავლისთვის დასჯის, გაკიცხვის მნიშვნელობას პედაგოგების მხრივ; იმას, რამდენად ეშინია ბავშვს, პედაგოგებმა წარუმატებელ, უუნარო მოსწავლედ მიიჩნიონ.
* ოჯახის მხრივ დასჯის შიში. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის ოჯახის მხრივ დასჯის, გაკიცხვის საფრთხე; შიში, მშობლებმა და ახლობლებმა იგი წარუმატებელ და უუნარო მოსწავლედ არ აღიქვან.
* სოციალური აუცილებლობის გაცნობიერება. ავლენს მოსწავლის მისწრაფებას იყოს განათლებული ადამიანი. მოსწავლეები, რომლებთანაც დომინირებს მოტივაციის ეს ტიპი, სწავლობენ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ აცნობიერებენ კარგად სწავლის აუცილებლობას საკუთარი წარმატებული მომავლისთვის. კარგი იქნება, თუ ასეთი ბავშვებისთვის გადაცემის დროს ნებისმიერ სასწავლო მასალას აქტიურად დავაკავშირებთ ბავშვის სამომავლო გეგმებთან - როგორ გამოადგება ეს ცოდნა მომავალში, უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად, პროფესიის კარგად დასაუფლებლად, სასურველი სამსახურის მისაღებად და ა.შ. სასწავლო მოტივაციის გასაძლიერებლად ამ ტიპის ბავშვების აზროვნება და ყურადღება სწორედ ამ მიმართულებით უნდა წარვმართოთ.
* ურთიერთობის მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის თანატოლებთან ურთიერთობის მოტივაცია. მოსწავლეები, რომლებთანაც დომინანტურია ეს მოტივი, სწავლების პროცესში დაინტერესებულები არიან ისეთი საქმიანობებით, რომლებიც კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ ტიპის ბავშვებისთვის ისეთ დავალებებს გამოვიყენებთ, რომლებიც მათგან ჯგუფებად და წყვილებად მუშაობას მოითხოვს.
* არასასწავლო სასკოლო მოტივაცია. გვიჩვენებს მოსწავლეთა დაინტერესებას, უპირველეს ყოვლისა არასაგაკვეთილო საქმიანობებით (კონცერტებით, გამოფენებით, ზეიმებით და ა.შ.) და არა უშუალოდ გაკვეთილით. მოსწავლეები, რომლებთანაც მოტივაციის ეს ტიპი დომინირებს, სიამოვნებით დადიან სკოლაში, აქტიურად, თუმცა უხალისოდ, მონაწილეობენ არასაგაკვეთილო ღონისძიებებში და მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში სწავლობენ. კარგი იქნება, თუ ასეთი მოსწავლეებისთვის, განათლებისა და სწავლის პრესტიჟულობის ამაღლების მიზნით, სკოლაში ხშირად გაიმართება ისეთი ღონისძიებები (ვიქტორინები, კონკურსები, ინტელექტუალური თამაშები და ა.შ.), სადაც მათ თავიანთი ცოდნისა და განათლების დემონსტრირების საშუალება მიეცემათ. თუ ასეთ ღონისძიებებსა და კონკურსებში გამარჯვება მათთვის სასურველი ჯილდოთი (მაგალითად, ექსკურსიით, ლაშქრობით) აღინიშნება, მათ უფრო მაღალი მოტივაცია ექნებათ ახალგაზრდებს მასში მონაწილეობისთვის, ცოდნის, განათლების გამომჟღავნებისა და გამარჯვებისთვის. ამასთან ერთად, აღნიშნული ღონისძიებები ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ის სასწავლო პროცესის თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენდეს.
* თვითრეალიზაციის მოტივი. გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის სასწავლო საქმიანობა როგორც თვითრეალიზაციის წამყვანი სფერო, სადაც მას შეუძლია გამოავლინოს თავისი თავი, თავისი შესაძლებლობები და უნარები.
სასწავლო მოტივაციის ასამაღლებლად აუცილებელია, კოლეგებთან ურთიერთობისას განხილვისა და ანალიზის საგნად ვაქციოთ ცალკეულ მოსწავლეთა სასწავლო მოტივები. ეს საჭიროა თუნდაც იმიტომ, რომ სხვადასხვა სასწავლო მოტივი სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებას მოითხოვს პედაგოგისგან. მაგალითად, თუ ბავშვისთვის წამყვანი მოტივია ქების მიღება, ეს ერთ ტაქტიკას საჭიროებს, თუ დასჯის შიშია წამყვანი მოტივი - სულ სხვას. მიღწევის მოტივაციაც ასევე განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს პედაგოგისგან და ა.შ. ცალკეული შემთხვევების ფსიქოლოგიური ანალიზი, პედაგოგისა და ფსიქოლოგის ურთიერთთანამშრომლობის პროცესში, დაგვეხმარება შევიმუშაოთ საჭირო ტაქტიკა კონკრეტული მოსწავლის აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად.
დაბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელ სკოლაში სასწავლო პროცესის წარმატებას განსაზღვრავს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: პედაგოგის პროფესიული მომზადების მაღალი დონე, სწავლების თანამედროვე მეთოდები, კომფორტული სასწავლო გარემო, დისციპლინა და წესრიგი სკოლაში, პედაგოგის კეთილგანწყობილი, მეგობრული დამოკიდებულება მოსწავლისადმი და მათ შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნა. სასურველია, რომ სკოლა მუდმივად აკონტროლებდეს აღნიშნულ კომპონენტებს სასწავლო პროცესის წარმატების უზრუნველსაყოფად.

ავტორი: ქეთევან ოსიაშვილი
წყარო

Thursday, July 11, 2013

ოჯახური ურთიერთობების რღვევა და ბავშვის ფსიქიკური განვითარება

თარიღი: 08 ივლისი 2013
ავტორი: ქეთევან ოსიაშვილი
ოჯახური ურთიერთობების რღვევა, განურჩევლად მიზეზისა, მწვავე ემოციური განცდების საფუძველია. განსაკუთრებით რთულდება ვითარება, როცა ოჯახში ბავშვი იზრდება, მეუღლეები კი დაცილებას გადაწყვეტენ. არცთუ იშვიათად ცოლ-ქმარი ოჯახის შენარჩუნებას ცდილობს, რათა ტრავმა არ მიაყენოს ბავშვს, მაგრამ მათი ყოველდღიური ფარული თუ აშკარა დაძაბული ურთიერთობა პატარასთვის ორმაგად მატრავმირებელი ხდება.

ამრიგად, როცა გაყრა ნამდვილად სასურველია მშობლებისთვის, ბავშვისთვის იგი აუცილებელიც კია. ოჯახში, სადაც გამუდმებით მეფობს დაძაბულობა, უსასრულოდ მეორდება კონფლიქტები, ბავშვი ორმაგად უბედურად გრძნობს თავს. ამ დროს გაყრა გარდაუვალი ნაბიჯია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მშობლების დაცილება, განურჩევლად იმისა, რა მიზეზით ხდება ეს და როგორ წარიმართება მათი შემდგომი ურთიერთობა, ბავშვისთვის მაინც თავზარდამცემი და გამანადგურებელია. მისმა შედეგებმა შესაძლოა თავი იჩინოს დაუყოვნებლივ ან მოგვიანებით, გარდამავალ პერიოდში.
რამდენად მატრავმირებელი იქნება ბავშვისთვის მშობლების დაცილება, მათ შემდგომ ქცევაზეა დამოკიდებული. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლობის შემთხვევაში, მეუღლეები ერთმანეთს უნდა დაშორდნენ რაც შეიძლება მშვიდად და სწრაფად. ამასთან ერთად, მათი უპირველესი საზრუნავი გაყრის შემდეგ შვილის ემოციური სიმშვიდე უნდა გახდეს. მათი ნებისმიერი ქმედება ბავშვის სულიერი წონასწორობის დაცვისკენ უნდა იყოს მიმართული, რათა მშობლების დაცილებამ უარყოფითი კვალი არ დააჩნიოს მის ფსიქიკურ განვითარებას.
განქორწინების შემთხვევაში მშობლების მხრივ ყველაზე გონივრული საქციელი იქნება, თუ ისინი ბავშვს, თუნდაც სრულიად პატარას, მისთვის გასაგებ ენაზე ეტყვიან სიმართლეს. ოჯახიდან წასულ მშობელზე საუბრისთვის ტაბუს დადება ბავშვისთვის ხშირად მძიმე ემოციური განცდების წყაროდ იქცევა. გასათვალისწინებელია, რომ რა არასასურველი მეუღლე და სიძეც არ უნდა იყოს, ბავშვისთვის მამა, თუ ოდნავ მაინც ინტერესდება მისი ცხოვრებით და მცირე ხანს მაინც უთმობს მას, საყვარელი ადამიანია. ამასთან, ბავშვი, თუნდაც სრულიად პატარა, შესაძლოა ხედავდეს ოჯახიდან წასული მამის იმ თვისებებსაც, რომლებსაც დედა ან ბებია ვერ ამჩნევენ. ბავშვს უყვარს მამა, მაშინაც კი როცა ის მის გვერდით არ არის. ამდენად, მამაზე საუბრის აკრძალვა და დედისა და ბებიის მცდელობა, დაავიწყონ ბავშვს ცოცხალი მამის არსებობა, ბავშვისთვის შესაძლოა მძიმე სულიერი განცდების მიზეზად იქცეს და მძიმე კვალი დააჩნიოს მის შემდგომ ემოციურ ცხოვრებას.
თუ განქორწინება მკაცრ აუცილებლობად იქცა, სასურველია, ის იყოს მხოლოდ ცოლ-ქმრის საქმე და არა მრავალრიცხოვანი სანათესავო-სანაცნობოსი. მით უმეტეს არასასურველია მეუღლეთა მშობლების ჩარევა. მხოლოდ ძალზე დისციპლინირებულ და გონიერ ადამიანებს შეუძლიათ შეიკავონ თავი ბავშვზე ზემოქმედების ცდუნებისაგან და ოჯახიდან წასული მშობელი უარყოფით პიროვნებად არ წარმოუდგინონ მას. იშვიათი არ არის, როდესაც გაყრილი ცოლ-ქმრის მშობლები უცხოსთანაც კი ვერ მალავენ ანტიპათიას, სიძულვილს ყოფილი სიძის ან რძლის მიმართ. საეჭვოა, ისინი ოჯახის წევრებთან ახერხებდნენ სულიერი წონასწორობის შენარჩუნებას და აუგად არ იხსენიებდნენ ბავშვის მშობელს.
განქორწინებული მეუღლეები, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა მიისწრაფოდნენ იმისკენ, რომ მას ჰქონდეს იმ ბებიასთან ურთიერთობის საშუალება, რომელთანაც არ ცხოვრობს. ის ისეთივე საყვარელ ადამიანად უნდა რჩებოდეს ბავშვისთვის, როგორიც იყო მშობლების განქორწინებამდე. საოცრად დიდი შეცდომა მოსდით დედებს, როცა ბებიასთან, ყოფილ დედამთილთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევენ ბავშვს. ადვილი არ არის განქორწინების შემდეგ ყოფილი მეუღლის მშობლებისადმი ნორმალური დამოკიდებულების შენარჩუნება. ეს დიდ ტაქტსა და მოთმინებას მოითხოვს ორივე მხრიდან. ამ ვითარებაში ორივე მხარე უნდა არიდებდეს თავს უარყოფითი გამონათქვამებსა და მოქმედებებს ბავშვის დედის ან მამის მისამართით. ოჯახური ურთიერთობების რღვევის შემდეგ ერთ-ერთ მშობელსა და მის ახლობლებთან ხანგრძლივმა განშორებამ, მათი შეხვედრებისთვის ხელის აქტიურად შეშლამ არ შეიძლება სერიოზული კვალი არ დააჩნიოს ბავშვის ემოციურ ცხოვრებას. ასეთ პირობებში არსებობს საშიშროება, ბავშვი გახდეს გულჩათხრობილი, ჩაკეტილი, ადვილად აღგზნებადი, ნევროზული, ემოციურად გაუწონასწორებელი და არაკომუნიკაბელური, რაც საკმაოდ გაურთულებს ურთიერთობას გარშემო მყოფებთან - თანატოლებსა და უფროსებთან.
განქორწინების შემდეგ ოჯახიდან წასული მშობლის ბავშვთან შეხვედრა ხშირად გადაუჭრელი პრობლემაა. ზოგიერთი მშობელი, აქაოდა, ბავშვზე ვზრუნავო, უკრძალავს ყოფილ მეუღლეს მასთან შეხვედრას; არც მისდამი სიძულვილის გამოხატვას არ ერიდება ბავშვის თანდასწრებით და მიისწრაფის, ნებისმიერ ფასად იძიოს შური მასზე. თუ არა შურისძიება, სხვა რა შეიძლება ეწოდოს იმ მშობლის საქციელს, რომელიც ყოველნაირად ცდილობს, მოარიდოს ბავშვი ყოფილ მეუღლესთან შეხვედრას და ამისთვის ხშირად არათუ სკოლას, ბინასაც კი უცვლის ბავშვს? ბინაზე რომ არაფერი ვთქვათ, სკოლის ხშირი ცვლა, განსაკუთრებით - სასკოლო ცხოვრების დასაწყისში, სრულიად გაუმართლებელია როგორც პედაგოგიური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ პერიოდში წარმოიშობა პრობლემათა წყება (სკოლასთან ადაპტაციის, სასწავლო მოტივაციის ჩამოყალიბების და სხვა), რომელთა წარმატებით მოგვარებას ძლიერ უშლის ხელს სასწავლო გარემოს, ბავშვთა კოლექტივისა და პედაგოგების ხშირი მონაცვლეობა. დაბოლოს, ორივე მშობელთან სისტემატური კონტაქტი, მათი განქორწინების შემთხვევაშიც კი, უპირველესად ბავშვის ემოციური წონასწორობისთვის, მისი შედგომი განვითარებისთვის არის საჭირო.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, მიუხედავად უარყოფითი ემოციებისა, რომლებიც ოჯახური ურთიერთობების რღვევას ახლავს თან, მშობლების განშორებას ბავშვი ჯერ კიდევ არ აღიქვამს დიდ ტრაგედიად; ამად ის მაშინ იქცევა, თუ განქორწინებული მეუღლეები ერთმანეთს მტრებად მოეკიდნენ და ბავშვი ერთმანეთზე შურისძიების იარაღად გამოიყენეს.
ამრიგად, თუ განქორწინებულ მეუღლეებს სურთ, მათი შვილის განვითარება ნორმალურად წარიმართოს, ოჯახის დანგრევა უარყოფითად არ აისახოს მის ემოციურ ცხოვრებასა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სასწავლო საქმიანობაზე, მათ უნდა დაივიწყონ წყენა და შეუქმნან ბავშვს ემოციური კომფორტის განცდა.